დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც იარაღის კონტროლთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას გულისხმობს.
დემოკრატი სენატორი კრის მერფი გამკაცრებული ზომების ერთ-ერთი ინიციატორია. მართალია, აქტივისტები უფრო ქმედით ნაბიჯს მოითხოვდნენ, თუმცა ქვეყანაში ბოლოს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ახალი რეგულაციებით მაინც შეძლებენ, უფრო მეტად გააკონტროლონ ქვეყანაში არსებული სიტუაცია.
ბაიდენი მიესალმა ამ კანონმდებლობას, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ არის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო სენატორ კრის მერფის და ორპარტიულ ჯგუფს იარაღის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონის შემოთავაზებისთვის. ეს კანონი არ არის საკმარისი სრული უსაფრთხოებისთვის, თუმცა, ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ კანონს ორპარტიული ჯგუფიც უჭერს მხარს. ჩვენ ეს არ უნდა შევაფერხოთ, მოდით, გავაკეთოთ ეს”,- დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა ტვიტერზე.
ამ შაბათ-კვირას აშშ-ში, სხვადასხვა ადგილას, ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. ისინი უფრო გამკაცრებული ზომების მიღებას მოითხოვდნენ მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად.
ტეხასის შტატში, უვალდეში დაწყებით სკოლაში მომხდარმა ტრაგედიამ იარაღის კონტროლის გამკაცრების საკითხი წამოჭრა.