ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე, სადაც მკაცრადაა გაკრიტიკებული ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, ხოლო ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება მხარდაჭერილი, პოლიტიკური განხილვების საგანია.
საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს შედეგი მმართველი პარტიის ათწლიანი მართვის არადემოკრატიული მიდგომებით დაუდგა საქართველოს და მის მოსახლეობას.
თუმცა, აქცენტს გამოსავალზე აკეთებენ. „ქართული ოცნების“ ოპონენტების თქმით, თუ ხელისუფლება დაიწყებს ნამდვილ რეფორმებს – მართლმსაჯულების, საარჩევნო სისტემისა და სხვა მიმართულებებით შესაძლოა, საქართველოს მიმართ კრიტიკული შეფასებები მოიხსნას და წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაც აღარ შეფერხდეს.
„ქართული ოცნების“ გზავნილებიდან ნათლად იკითხება, რომ მათთვის მთავარია ივანიშვილის მილიარდები და ხელისუფლებაში ყოფნა, ქართველი ხალხის არჩევანი ცალ ფეხზე ჰკიდიათ – ამას ამბობს ყველა განცხადებაში ირიბად „ქართული ოცნება“. ჯერ იყო და ამბობდნენ, რომ ოპოზიციას სურს ივანიშვილის დასანქცირება. მერე აღმოაჩინეს, რომ მთელი ევროპარლამენტი ასე ფიქრობს. ახლა ამბობენ, რომ რეზოლუციას აზრი არ აქვს. ისიც თქვეს, სტატუსის მონიჭება არაფერს გვაძლევს, მხოლოდ ვალდებულებებიაო. მე ვფიქრობ, გუშინდელი რეზოლუცია არის უფრო გაფრთხილება, წითელი შუქის ანთება ივანიშვილისთვის, ახლა საჭიროა ის პრობლემები, რომელზეც იყო საუბარი, ყველამ ერთად აღმოვფხვრათ. ახლა არ არის ნიშნის მოგების და ჩასაფრების დრო, მოქმედების დროა და მზად ვართ, ვიმოქმედოთ საქართველოს ინტერესიდან გამომდინარე“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
მმართველ გუნდში კონტრკრიტიკული შეფასებები აქვთ ევროპარლამენტარების მიმართ. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო წარმომადგენლობა ფიქრობს, რომ ევროპარლამენტში დეპუტატების უმრავლესობა ქართულ ოპოზიციასთან ერთად კოლაბორაციაშია და მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს მიმართ არაობიექტური შეფასებები აქვთ გამოთქმული.
„ამორალურია, როცა გეუბნებიან, რომ დემოკრატიის და მედიის მაღალი სტანდარტი ყოფილა სააკაშვილი-გვარამიას სტანდარტი, რომლებიც პირდაპირ შტურმს ახორციელებდნენ მედიაზე, ფიზიკურად ძალადობდნენ, ნულოვანი იყო პლურალიზმი მედიაში ამ დროს და ერთი კრიტიკული ხმაც არ ისმოდა. სწორედაც ბატონი ივანიშვილია პირი, რომელმაც რეჟიმი დაამარცხა და ამ ქვეყნის განვითარებას მისცა ახალი სიცოცხლე, სამართლიანობას დაუდო საფუძველი. სრულიად ნათელია, რომ არაფერი საერთო არც სიმართლესთან, არც ევროპულ ღირებულებებთან, არც ობიექტურობასთან არაფერი საერთო არ აქვს. როცა ვამბობთ, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპულ დიდ ოჯახში, ეს გულისხმობს სიმართლის თქმას და დემოკრატიის განვითარებას. ვიწრო პოლიტიკური პრიზმიდან ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომელიც გვაქვს სახეზე, პირდაპირ ურტყამს იმ ღირებულებებს, რაზეც დგას ევროპული დემოკრატია“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.
ევროკავშირი საქართველოს გეოპოლიტიკური მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ ივნისის ბოლოს მიიღებს. დაახლოებით ორ კვირაში გაირკვევა მიიღებს თუ არა საქართველო ევრობლოკის წევრობის შესახებ კანდიდატის ოფიციალურ სტატუსს.
ალეკო გვეტაძე