საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია უეფას ერთა ლიგის მატჩში დაამარცხა. სკოპიეში ვილი სანიოლის გუნდმა მასპინძლებს სამი გოლი გაუტანეს და კარი მშრალად შეინახეს. გოლები ბუდუ ზივზივაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ოთარ კიტეიშვილმა გაიტანეს. საქართველოს ნაკრები 9 ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან ჩრდილოეთ მაკედონიას 5 ქულით უსწრებს.
“ბულგარეთთან მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ბევრი ცვლილება არ გვქონდა. ვიცოდი, რომ რთული პირველი წუთები იქნებოდა. რამდენიმე მოთამაშე დაღლილი იყო, მაგრამ ასეთი არჩევანი გავაკეთეთ. პირველ ტაიმში ამბიციის ნაკლებობა გვქონდა, ამიტომ მეორე ნახევარში გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ და ფეხბურთელებმა დავალებები შესანიშნავად შეასრულეს. ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ოქტომბრიდან გვაქვს, დაგვეხმარა. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ გამარჯვებით. პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, 3:0 ძალიან დიდი ანგარიშია, თუმცა მეორე ტაიმით სრულად კმაყოფილი ვარ.
საქართველოს ნაკრების ბოლო პერიოდს თუ შევაფასებთ, გვქონდა როგორც კარგი, ისე ცუდი პერიოდები. სექტემბერი ჩვენთვის ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა, 3 მატჩი წავაგეთ, ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებული იყო, მოთამაშეებს არ უწევდათ საკუთარ კლუბებში თამაში. ამ მომენტისთვის რთულია იმის თქმა, არის თუ არა გუნდი მზად, რომ შემდეგი ნაბიჯი გადადგას და უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. ვფიქრობ, ეს ფეხბურთელების გადასაწყვეტია და უფრო მაღალი მიზნებისთვის კიდევ ბევრი უნდა ვიშრომოთ. მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. ჩემი საქმეა უკეთ მოვამზადო ისინი ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად, რათა საუკეთესოდ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, მოედანზე კი მათ უნდა შეასრულონ დავალებები და გამცენ პასუხი შეკითხვაზე, არიან თუ არა მზად უფრო მაღალი მიზნებისთვის. თუმცა, ვფიქრობ, რომ მათ დიდი ამბიცია აქვთ და ერთად ბევრს ვიშრომებთ მომავალში მიზნების მისაღწევად.
ხვიჩა კვარაცხელიამ ძალიან კარგად ჩაატარა უკანასკნელი სამი მატჩი, თუმცა სხვა მოთამაშეების გარეშე მისთვისაც რთული იქნებოდა. თითოეულ ფეხბურთელს გუნდში საკუთარი როლი აქვს. გეთანხმებით, რომ ის გამორჩეულია, მაგრამ მგონია, რომ ჯერ ყველაფერი არ გინახავთ. დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.
გიორგი მამარდაშვილმა თავი დაცულად გვაგრძნობინა. ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ, რაც გააკეთა, ყველაფერი მაღალ დონეზე შეასრულა. მისი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენა მოულოდნელი არ ყოფილა, როტაცია მეკარის პოზიციასაც ეხება. წარმატება არა 11 ან 23, არამედ 29 ფეხბურთელის დამსახურებაა. როგორც ვთქვი არა 11, არამედ 29 ვართ. ზოგი მეტს თამაშობს, ზოგი ნაკლებს. შესაძლოა ამან ზოგჯერ უკმაყოფილება გამოიწვიოს, მაგრამ ამას მალევე ივიწყებენ და ყველაფერს აკეთებენ გუნდისთვის. სწორედ ეს ატმოსფერო და გუნდში არსებული გარემო არის ჩვენი წარმატების მიზეზი.
როდესაც ფეხბურთელები გულშემატკივართა მხარდაჭერას გრძნობენ, თამაში უადვილდებათ. მადლობა გულშემატკივრებს, ვინც შორი გზა გამოიარა. მადლობა მათ, ვინც გიბრალტართან მატჩზე მოვიდა სტადიონზე და 12 ივნისს, ბულგარეთთან შეხვედრაში გვიგულშემატკივრებს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის სტაფის წევრებს, ისინი ყოველთვის გუნდთან არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოთამაშეებმა მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრონ.” – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 12 ივნისს, “დინამო არენაზე” თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.