უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთში არ წყდება საბრძოლო მოქმედებები. უკრაინელი სამხედროები უკან დახევას არ აპირებენ, თუმცა სევეროდონეცკთან ახლოს მდებარე დასახლებიდან – ლისიჩანსკიდან მოსახლეობა უკვე ტოვებს სახლებს.
ლისიჩანსკის მკვიდრს ოლენა უჩიტენკოს სახლი დაუნგრიეს. ამიტომ იძულებულია, დატოვოს ყველაფერი, კატებიც კი მეზობლებს ჩააბარა. მას განსაკუთრებით ბაღზე სწყდება გული, რადგან ყველაფერი მისი ხელით არის გაკეთებული. როგორც ოლენა ამბობს, ახლა გამუდმებით ბომბავენ დასახლებას, შესაბამისად, სახლებიც დაზიანდა. უკვე ბევრმა ადამიანმა დატოვა იქაურობა. ახლა იგი 80 წლის დედასთან ერთად ქალაქ დნიპროში მიდის.
უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, რომ მოსახლეობა მტრის მხარეს არ აღმოჩნდეს.
ლუჰანსკის რეგიონის სპეციალური საპოლიციო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი ოლექსანდრი ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობის ევაკუაციაა, რადგან ლისიჩანსკი ყველა მხრიდან იბომბება, ადამიანის სიცოცხლე კი, მისი აზრით, გასაფრთხილებელია.
უკრაინის მთავრობის ყურადღება ახლა მთლიანად დონბასზეა გადატანილი, თუმცა ყველამ იცის, რომ რუსეთმა შესაძლოა, ნებისმიერ წამს განაახლოს შეტევა სხვა ფრონტებზე. მისი მიზანია, უკრაინელი სამხედროები ქვეყნის აღმოსავლეთით გადავიდნენ და ამით მათი ძალაც შეასუსტოს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირკსი ფიქრობს, რომ დღეს კიევზე შეტევის საფრთხე არ არსებობს. ბელარუსის საზღვარზე არ არ არიან რუსი სამხედროები, თუმცა უკრაინელებისთვის არ იქნება მოულოდნელი, ხვალ სხვა სცენარი რომ განვითარდეს.
პეტრე პირველისადმი მიძღვნილ 350 წლის იუბილეზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის მეფის დაწყებულ საქმეს აგრძელებს. მისი თქმით, პეტრე პირველი 21 წელი იბრძოდა. ზოგიერთს ჰგონია, რომ იგი შვედეთისთვის მიწის წართმევას ცდილობდა. თუმცა პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. იგი საკუთარ მიწას იბრუნებდა. პეტრე პირველის მიზანი მიწების დაბრუნება და კონსოლიდაცია იყო. ახლა კი მათი ჯერია, პუტინმა რუსეთის სახელით უნდა დაიბრუნოს მიწები და განამტკიცოს სახელმწიფო.
პეტრე პირველი 1672 წლის 9 ივნისს დაიბადა. მან 1703 წელს ომში გამარჯვების შემდეგ ქალაქი სანკტ-პეტერბურგი დაარსა.