როგორია აფხაზური სამკაული? რა გამოარჩევს, რა უძველეს ნიმუშებს ვიცნობთ და დღეს როგორ შეიძლება დავიმშვენოთ თავი აფხაზური სამკაულებით…
საიუვილერიო კომპანია „კებზარმა“ 9 ივნისს მწერალთა სახლში ახალი აფხაზური კოლექციიის პრეზენტაცია გამართა.
კოლექციის ავტორებმა სამკაულების შესახებ ინფორმაცია ისტორიული წყაროებიდან მოიძიეს მეცნიერებისა და მკვლევრების დახმარებით.
კოლექციაში 40-მდე სამშვენისია წარმოდგენილი, რომელთაგანაც ნაწილი ავთენტურია, ხოლო ნაწილი უკვე თანამედროვე ტენდენციების მიხედვით შექმნილი.
კოლექციის ავტორების თქმით, ამ წამოწყებით ისინი ქართველებისა და აფხაზების საერთო ისტორიას ჰყვებიან.
ამ საყურის შექმნის შთაგონების წყარო აფხაზეთის ბედიის ტაძარში გამოსახული ბაგრატ მესამის ფრესკა გახდა. მეფის გვირგვინის დეტალები – სასაფეთქლეები – ახლა თანამედროვე ქალის სამკაულად იქცა. მსგავსი არაერთი ნიმუში გააერთიანა საიუვილერიო კომპანია „კებზარის“ ახალმა, აფხაზურმა კოლექციამ.
“ამ კოლექციით ჩვენ გვინდოდა ეს გაწყვეტილი კავშირი აღგვედგინა და კიდევ ერთხელ გაგვეცოცხლებინა ეს სამკაული. ამ ყველაფერს 1 წლის მანძილზე ვიკვლევდით. ფოტომასალაზე და საარქივო მასალაზე დაყრდნობით. შევკრიბეთ და ამოვარჩიეთ ყველაზე საინტერესო ნიმუშები”, – ამბობს “კებზარის” თანადამფუძნებელი ნინო მამულაშვილი.
პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ფოტოები, რომლებიც ფოტოგრაფმა ლელი ბლაგონრავოვამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის გამყოფ ხაზთან გადაიღო.
“გადავიღეთ მდინარე ენგურის სანაპიროზე და ასევე გადაღებები გვქონდა ზღვაში. ამბობენ, რომ ამ ადგილებიდან ძალიან კარგ ამინდში ჩანს შუქურა, რომელიც აფხაზეთშია. ის თუ რა ხასიათი უნდა ჰქონოდა ფოტოებს თავად ადგილებმა გვიკარნახეს’, – ამბობს ფოტოგრაფი ლელი ბლაგონრავოვა.
გამოფენაზე, აფხაზური სამკაულის თითოეულ ნიმუშს თავისი ისტორია ახლავს. როგორც კოლექციის ავტორები ამბობენ, ამ სამკაულებით, მათ ის ამბები გააცოცხლეს, რომლებიც საერთოა აფხაზი და ქართველი ხალხისთვის. იდეის ავტორებს სჯერათ, რომ ამ წამოწყებით კულტურულ ხიდს გადებენ ქართველებსა და აფხაზებს შორის, მაშინ ,როცა რუსული ოკუპაცია რეგიონში ყველაფერ ავთენტურსა და ნამდვილს შლის.
.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ცოცხლდება სამკაული, ჩვენი თვითმყოფადობის მთავარი მარკერი, ამ შემთხვევაში კი ამ ყველაფერს სხვა დატვირთვა აქვს, რადგან ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ როგორაა აფხაზეთი ჩვენი ორგანული ნაწილი, ჩვენ ერთი კულტურა ვართ- კოლხური კულტურა, რომელიც ჩვენს კულტურას განსაზღვრავს”,- ამბობს არქეოლოგი ნინო ლორთქიფანიძე.
„კებზარი“ საიუვილერიო კომპანიაა, რომელიც ანტიკურ და შუასაუკუნეების დროინდელ სამკაულებს თანამედროვეობის ნაწილად აქცევს. გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ნიმუშის პირველწყარო მხოლოდ პირად კოლექციებში, ფოტომასალასა თუ სხვადასხვა ეთნოგრაფიულ ჩანახატში გვხვდება.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზური ძველი კოლექციები ცოცხლდება და ადამიანები იგებენ რამდენად უნიკალური სამკაულები გვქონდა, თანაც ყველა ძალიან მორგებულია თანამედროვეობას”, – ამბობს გამოფენის სტუმარ ქეთი დოლაკიძე.
ახლა გზა აფხაზეთამდე ეგრეთწოდებული „საზღვრით“ იყოფა, თუმცა ეს საზღვარი ქართველებისა და აფხაზების საერთო წარსულსა და კულტურას ვერ მიჯნავს. სამკაულები კი სწორედ ამ საერთო ისტორიას აცოცხლებს და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ხალხს ახსენებს, რომ მათ ისტორიის დიდი და მდიდარი გზა, ერთად გამოიარეს.
ნინი ჯალაბაძე