მთავარისაქართველორა პრობლემებთან არის დაკავშირებული ბავშვის ხელოვნური საკვებით კვება

რა პრობლემებთან არის დაკავშირებული ბავშვის ხელოვნური საკვებით კვება

4 წლის ანა გელაშვილს ჭამა არ უყვარს და ამის გამო დედას ყოველდღე სხვადასხვა ხერხის მოფიქრება უწევს, რომ ერთი ლუკმა როგორმე  გადააყლაპოს…

ანა რომ დაიბადა, რამდენიმე დღით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა.  ამასობაში დედას, ქეთევან დუღაშვილს, რძე გაუშრა. როგორც ამბობს, არ იცოდა და არც პედიატრს უთქვამს, რომ რძის შენარჩუნება შეეძლო. ამიტომ ანა დაბადებიდან რძის შემცველ  ხელოვნურ საკვებს იღებდა.

„ფინანსური თვალსაზრისით, ძალიან დიდ სირთულეს უკავშირდებოდა ხელოვნური კვება. საკმაოდ დიდი თანხა ჯდებოდა. გააჩნია, ბავშვს რითი გამოკვებავ. თუმცა ყველა დედას უნდა, რომ ნორმალური საკვები მიიღოს ბავშვმა. თუმცა როცა არ არის შესაძლებლობა, მაშინ… მოგეხსენებათ, აფთიაქში ბავშვთა მოვლის პროდუქტები ძალიან ძვირია და არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის“, – წუხს ქეთევან დუღაშვილი.

ქეთევან დუღაშვილს შვილის ხელოვნური ფორმულით კვება თვეში დაახლოებით 500 ლარი უჯდებოდა. ამას ემატებოდა „პამპერსი” და ბავშვის მოვლისთვის აუცილებელი პროდუქტები. მეორე ორსულობის დროს კი გადაწყვიტა, ბავშვი აუცილებლად ბუნებრივად გამოეკვება და ასეც მოიქცა.

ახლა 5 თვის ლაზარე ჩვილისთვის ყველაზე სასარგებლო საკვებით,  დედის რძით, იკვებება და  ოჯახის ხარჯებმაც გაცილებით იკლო. ლაზარეს მოვლა თვეში 150 ლარამდე ჯდება.

იუნისეფისა და საქსტატის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოში 0-5 თვის ასაკის 5 ჩვილიდან მხოლოდ 1 იმყოფება ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე.

„დედის რძე არ არის მხოლოდ ცილა, ცხიმი და ნახშირწყლის შეფარდება. ეს გაცილებით მეტია და, რა თქმა უნდა, ძროხის, სოიოსა თუ თხის რძეზე დამზადებული ხელოვნური საკვებია, ეს არ არის ბუნებრივი კვების ალტერნატივა. ეს არის გამოსავალი. როცა არ გვაქვს მეტი საშუალება და იძულებული ვართ, ბავშვი ხელოვნური საკვებით ვკვებოთ, ეს  გამოსავალია. შესაბამისად, მაღალი ხარისხის ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა.

ბავშვთა ხელოვნური კვება საქართველოში თვეში 300-დან 800 ლარამდე ჯდება. ფასები ხარისხის მიხედვით იცვლება. ვისაც რძის შემცველი ხელოვნური საკვების შეძენის საშუალება არ აქვს, ბავშვის სხვადასხვა სახის საკვებს მიმართავს, თუმცა ზოგიერთი პროდუქტი ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

„ის, რომ არ აქვს დედას რძე, არ არის სწორი. არ დავეხმარეთ თავის დროზე სწორად. თუ საუბარი მიგვყავს იქითკენ, რომ ოჯახს სჭირდება სოციალური დახმარება, რომ მან შეძლოს ფორმულის ყიდვა, ოჯახს იმაშიც სჭირდება დახმარება, რომ მან შეძლოს ძუძუთი კვების აწყობა. აი, ამ საკითხს უფრო წამოვწევდი წინ, იმიტომ, რომ პრობლემა ამაშია. დედას არ აქვს სისტემიდან იმის დახმარება, რომ ააწყოს ძუძუთი კვება სწორად. ბავშვების 65% არ იღებს დედის რძეს, როგორც საკვებს, როგორ მივედით აქამდე? და რა გვინდა ვთქვათ, რომ საქართველოში დედების 65%-ს რძე არ აქვს? ასეთი რამ არ არსებობს. როდესაც 0,1%-ზეა პოპულაციაში საუბარი, წარმოუდგენელია, ჩვენთან ვილაპარაკოთ 65%-ზე“, – ამბობს თაკო უგულავა, გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანმრთელობისა და ნუტრიციის სპეციალისტი.

გარდა იმისა, რომ ბავშვის ძუძუთი კვება სრულიად უფასოა, მსოფლიოში უკვე დიდი ხანია, თანხმდებიან იმაზე, რომ ძუძუთი კვება უალტერნატივოა და ბავშვის ჯანსაღი ზრდისა და განვითარებისთვის მეტად აუცილებელი.  ამასთანავე, ეს ძალზე უიოლებს დედას თავისი პატარას მოვლას. ხოლო მათთვის, ვისაც ამის შესაძლებლობა ფიზიოლოგიური პრობლემების გამო არ აქვს, ხელოვნური კვება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი  უნდა იყოს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

00:01:56

დაკარგული ანგელოზები

spot_imgspot_img
Send this to a friend