მთავარი ამერიკა აშშ კონგრესში მასობრივი სროლის დროს დაზარალებულებს მოუსმინეს

კონგრესში მასობრივი სროლის დროს დაზარალებულებს მოუსმინეს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მასობრივი სროლის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და თვითმხილველებს მოუსმინეს. დაზარალებული მოქალაქეები იარაღზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვენ, რათა მომავალში ქვეყანამ თავიდან აიცილოს მსგავსი შემთხვევები.
შეერთებულ შტატებში უვალდეს დასახლების დაწყებით სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას მაისში 19 მოსწავლისა და 2 მასწავლებლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვაშინგტონში მასობრივი სროლის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები და თვითმხილველები  პოლიტიკოსებს შემზარავ დეტალებს უყვებიან.

ერთ-ერთი გამომსვლელი 11 წლის მია სერილო იყო, რომელიც უვალდეს დასახლებაში დაწყებით სკოლაში მომხდარი მასობრივი სროლის დროს შემთხვევით გადარჩა. მია იხსენებს, რომ თავდამსხმელმა მის მეგობარს ესროლა, მია კი იქვე იდგა. მას  ეგონა, რომ ის ისევ მათ საკლასო ოთახში დაბრუნდებოდა.  იქვე სისხლი გუბე იყო. გოგონამ  სისხლი სხეულზე წაისვა, რომ თავდამსხმელს არ შეემჩნია. შემდეგ ჩუმად აიღო თავისი  მასწავლებლის ტელეფონი და პოლიციაში დარეკა.

კიმბერლი რუბიოს შვილი ლექსი უვალდეში მომხდარ შემთხვევას ემსხვერპლა. ის და მისი მეუღლე  იარაღზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვენ.

ლექსის დედას, კიმბერლი რუბიოს, არ სურს, რომ ამ ამბავმა უყურადღებოდ ჩაიაროს. მის ჩვენებას სხვა დედებიც უსმენენ, მაგრამ ისინი ვერც წარმოიდგენენ, ეს რამხელა ტკივილია. თუმცა ერთ დღეს შესაძლოა ისინიც აღმოჩნდნენ მსგავსი რეალობის წინაშე. ამიტომ ლექსის დედა საზოგადოებას მოქმედებისკენ მოუწოდებს.

გრეგ ჯექსონი, რომელიც 9 წლის წინ მომხდარ ერთ-ერთ მასობრივ სროლას გადაურჩა, ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს.

გრეგ ჯექსონი ამბობს, რომ მსგავსი მასობრივი სროლის შედეგად ძირითადად ფერადკანიანი მამაკაცები,  ფერადკანიანი ქალები და ლათინოამერიკელი მამაკაცები იღუპებიან. მისი თქმით, თუ კონგრესი ამას  პოლიტიკურ საკითხად აღიქვამს, საზოგადოებისთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

ოთხშაბათს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა, რომ ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მყიდველთა მინიმალური ასაკი 18-ის ნაცვლად  21 წლით განესაზღვრათ. თუმცა როგორც ვარაუდობენ, ამ შეთავაზებას ისედაც ორად გახლეჩილი სენატი არ მიიღებს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend