„ევრონიუს ჯორჯია“ უკრაინის საერთაშორისო ლეგიონის მებრძოლს, ზურა კეკელიძეს ესაუბრა. მისი დანაყოფი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ქალაქ სევეროდონეცკის დაბრუნების ოპერაციაში ჩაერთო. 22 წლის მოხალისე ამბობს, რომ საერთაშორისო ლეგიონში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ მეომრებს თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეა აერთიანებთ.
„სევეროდონეცკში მიმდინარეობს მასიური, არაპირდაპირი ცეცხლი ორივე მხრიდან. არის დიდი საარტილერიო დუელები, რაც ძირითადად ბევრი ადამიანის დაღუპვის მიზეზი ხდება. ასევე, მიდის ქალაქის საკმაოდ მძიმე ბრძოლები, სადაც მე მომიწია მონაწილეობის მიღება“, – ამბობს ზურა კეკელიძე.
ქართველი მოხალისე ჰყვება, რომ ამ ბრძოლებში უპირატესობა უკრაინელ ჯარისკაცებს აქვთ.
„სევეროდონეცკში ოპერაციის დროს ჩემს ჯგუფს საკმაოდ რთული მდგომარეობა შეექმნა. გვყავდა არაერთი დაჭრილი და დაღუპული. რუსები რომ მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყვნენ და რეალურად ჭკვიანურად ემოქმედათ, შესაძლებელი იყო ჩვენი დამარცხება და დღეს შეიძლება ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი“, – გვიყვება ქართველი მებრძოლი.
ზურა კეკელიძე ამბობს, რომ ქალაქ სევეროდონეცკში საერთაშორისო ლეგიონის შესვლის შემდეგ რუსულმა ძალებმა უკან დახევა დაიწყეს.
„რისი ნახვაც აქამდე მხოლოდ ფილმებში მიწევდა, ის სამწუხროდ რეალობაში ვნახე. ეს ნამდვილი ომია და ყველაფერი ნამდვილად ხდება – მათ შორის მომიწია თანამებრძოლის დამარხვაც ამ ოპერაციის შემდეგ. იმედია მსგავსი რამის გამოვლა ბევრს არ მოუწევს“, – ამბობს ზურა კეკელიძე.
ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ რთული ვითარებაა სამხრეთის ფრონტზეც, სადაც უკრაინელები მასირებულ კონტრშეტევებს იწყებენ რამდენიმე მიმართულებით.
„მგონია, რომ როგორც კი სამხრეთში ერთი მნიშვნელოვანი ოლქი მაინც დაექვემდებარება კვლავ უკრაინის კონტროლს, დომინოს პრინციპით მიჰყვება სხვა დიდი ქალაქებიც, რომლებიც ახლა რუსებს აქვთ დაკავებული“, – ამბობს ქართველი მებრძოლი.
22 წლის მეომარი ჰყვება რუსული არმიის ბრძოლის წესებზე და ამბობს, რომ საოკუპაციო ძალები მშვიდობიან მოსახლეობასაც სასტიკად ექცევიან.
„თუ მაგალითად რაღაც მიმართულებაზე წარმატება არ აქვთ, შეიძლება მერე ის ქალაქი მთლიანად დაბომბონ და მიწასთან გაასწორონ. იმიტომ, რომ უბრალოდ ასე უნდათ. მათი თამაშის წესები არასდროს იყო სამართლიანი. არც ახლა არის და არც მომავალში იქნება. ამაში გასაკვირი ჩემთვის არაფერია, რადგან ეს ყველაფერი ქართველ ხალხს უკვე ნანახი აქვს. ბევრი ქართველი შეეწირა რუსულ აგრესიას. ამიტომაც, სადაც კი შესაძლებლობა მოგვეცემა იმის, რომ გადავუხადოთ მათ ანწუხელიძისთვის, იმისთვის, რაც აფხაზეთის ომში გააკეთეს, მგონია, რომ ეს ფასი მათ უნდა გადავახევინოთ საკმაოდ მწარედ“, – ამბობს ზურა კეკელიძე.
ქართველი მებრძოლი ჰყვება, რომ მისი დანაყოფი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სევეროდონეცკში შევიდა. მასთან ერთად სხვა ქართველი მეომრებიც იბრძოდნენ. მათგან ერთ-ერთი კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად დააჯილდოვა.
„ჩვენს ჯგუფში დაიღუპა ერთ-ერთი მეომარი უკრაინელი სპეციალური ოპერაციების ძალებიდან და სწორედ ჩვენი ჯგუფის ლიდერმა, ქართველმა მეომარმა გამოიყვანა სპეცრაზმელის ცხედარი. მან და სხვა ქართველებმა ბერი სიცოცხლე გადაარჩინეს, ბევრი დაჭრილი გამოიყვანეს და პოზიციებიც ისე დაიკავეს, რომ საბოლოოდ, როდესაც ზელენსკი ჩავიდა ლისიჩანსკში ერთ-ერთი ქართველი მან პირადად დააჯილდოვა“ – ამბობს ზურა კეკელიძე.
22 წლის მოხალისე ფიქრობს, რომ ამ ომში უკრაინა აგრესორის დამაჯერებლად დამარცხებას შეძლებს.
ნანუკა მეშველაშვილი