ქართული ბიზნესის ხმა ევროკავშირს ერთგვერდიანი მიმართვით. რამდენიმე მსხვილმა ბიზნესასოციაციამ, ევროპულ სტრუქტურებს წერილი მისწერეს, სადაც წერია რომ ქართული ბიზნესი მზად არის ევროპულ ბაზრებზე წარსადგენად.
ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს, მისცენ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც ქართულ ბიზნესს და მოქალაქეებს უფრო მეტ მოტივაციას მისცემს.
დოკუმენტის თანაავტორი „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC)“ აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჭუმბურიძე ამბობს, რომ ახლა ევროკავშირმა ქართული საზოგადოების ერთიანობა უნდა დაინახოს და ბიზნესიც ამ საზოგადოების სოლიდური ნაწილია.
“რასაც არ უნდა საქმიანობდე, როდესაც ევროპაში შედიხარ, უნდა დააკმაყოფილო მისი მოთხოვნები, სტანდარტები, რეგულაციები. ამ ყველაფრის დაკმაყოფილება ნიშნავს, რომ შენს ქვეყანაში ბიზნესის და წარმოების ხარისხი მაღალია. ჩვენს სინამდვილეში, ევროპულ დაცულ, მოწესრიგებულ ბაზარს, უპირისპირდება უწესრიგო, კორუფციასა და უბედურებაში ჩაფლული რუსული ბაზარი. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ სათანადოდ ვერ ჩავატარეთ სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, ადამიანის უფლებები არ არის შესაბამისად დაცული, საქართველო ამ ტურბულენტურ სიტუაციაში, თავისი ბრძოლისა და თავგანწირვის გამო, მაინც იმსახურებს წევრობის კანდიდატის სტატუსს. სწორედ ამას ვთხოვთ ამ წერილით ევროკავშირს“, – აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
ბიზნესასოციაციებში ამბობენ, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ქართული ბიზნესისთვის ევროპული ბაზრის ათვისებისა და ზოგადად, ბაზრის დივერსიფიკაციისთვის არის აუცილებელი.
„დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი ივა ჭყონია ამბობს, რომ ამავე დროს შემცირდება რუსეთზე, როგორც არასაიმედო ბაზარზე დამოკიდებულება. წარმოების მაღალი ხარისხი ასევე, მოქალაქეებს საშუალებას მისცემს იცხოვრონ ისე, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრობენ.
„არც ისე დიდი ხნის წინ იყო დრო, როდესაც ქუჩიდან ან დახლიდან, მოუწესრიგებელ ბაზრებში გვიწევდა ვაჭრობა. ახლა მოგვწონს, თანამედროვე სუპერმარკეტებში შესვლა, სისუფთავე და მომსახურების ხარისხი. აი, ზუსტად ეს არის ევროპული სტანდარტები. ეს ყველაფერი ზუსტად იმ სტანდარტების დამსახურებაა, რაც არის ევროპაში და რასაც ნელ-ნელა ვნერგავთ ამ წლების განმავლობაში საქართველოში. ევროპასთან და ევროპულ ბაზრებთან ჰარმონიზაციისთვის, ძალიან მნშვნელოვანია, ქართულმა ბიზნესმა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც DCFTA-ის მიხედვით გვაქვს აღებული. სწორედ ჩვენი ხმა, ამ განცხადებით მივაწვდინეთ ევროკავშირს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ამიტომ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი. ახლა საქართველოს ეს მხარდაჭერა შემდგომი განვითარებისთვის ძალიან სჭირდება“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.
რა გავლენას მოახდენს ევროპული პოლიტიკის წრეებში ქართული ბიზნესის მიმართვა და რამდენად დიდი იქნება ეს ხმა, საზოგადოების სხვა წარმომადგენლების თხოვნასთან ერთად, სავარაუდოდ ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი. როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები ხმის მიცემით გადაწყვეტენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მომავალს.
ალეკო გვეტაძე