მთავარისაქართველოროგორ აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები ევროპარლამენტარების ღია წერილს

როგორ აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები ევროპარლამენტარების ღია წერილს

„თუ ევროკავშირში გაწევრების გზაზე შედეგი ნაკლებად ოპტიმისტური იქნება, ქართველი ხალხი იმედგაცრუებული არ უნდა დარჩეს“, – ასე ფიქრობენ ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე, რომლებმაც ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართეს.

წერილში ნათქვამია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველო ლიდერი ქვეყანა იყო, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ვითარება შეიცვალა.

ევროპარლამენტარები უარყოფითად აფასებენ იმ ფაქტს, რომ „შარლ მიშელის შეთანხმება“ ამ დრომდე არ არის შესრულებული. მათთვის ასევე გაუგებარია მმართველი პარტიის პოზიცია უკრაინისა და ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით.

ოპოზიციაში არ უკვირთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკა გახშირდა.

„ამ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, გამოწვევები დემოკრატიის თვალსაზრისით და აქ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არც ერთ ნაბიჯს არ დგამს რეფორმებისკენ და არღვევს შეთანხმებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსს და სტატუსი უნდა მივიღოთ ახლა, ამის ალბათობაც დიდია და შემდეგ, არჩევნების გზით, ამ ხელისუფლებას გავისტუმრებთ. ჯერ სტატუსი და შემდეგ ხელისუფლების გასტუმრება“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.

„ბოლო კვირების განმავლობაში, როგორც ყველა, საქართველოზე დაფიქრებული მოქალაქე, ქვეყნის შიგნით, ასე საქართველოს მეგობარი ადამიანები არიან უკიდურესად შეშფოთებულნი იმით, რომ საქართველომ არ დაკარგოს ისტორიული შანსი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღებას და შემდგომ პროცესს. ამიტომ, მე არ მიკვირს, რომ ამ თემაზე გახშირდა კონკრეტული მიმართვები“, – მიიჩნევს პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი.

„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები არ უნდა გაიგივდეს ევროპარლამენტის საერთო პოზიციასთან.

„ეს ორი ევროპარლამენტარი, ბატონი კუბილიუსი და ქალბატონი იუკნევიჩიენე, საქართველოში უკვე წლებია, გულშემატკივრობენ, ყველაზე ანტიევროპულ პოლიტიკურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათი განცხადებები არ უნდა გავაიგივოთ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საერთო პოზიციასთან“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ.

„ეს არ არის არჩევანი გააკეთეთ – ეს არის პირდაპირ, მოწოდება იმისკენ, რომ ვინც აირჩიეთ ეს ხელისუფლება, ნებისმიერი მოქმედებით გადააგდეთ, შეცვალეთ და ამ შემთხვევაში გაგეხსნებათ გზა ევროსტრუქტურებისკენ“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ.

რასა იუკნევიჩიენე და ანდრიუს კუბილიუსი ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები არიან.

ამ პარტიამ 8 ივნისს უნდა განიხილოს რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელყოფას ეხება.

რეზოლუციის პროექტი უკვე ცნობილია. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პროექტი  მოუწოდებს ევროპის ინსტიტუტებს, იმუშაონ საიმისოდ, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ციხიდან ჰუმანიტარული საფუძვლებით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საიმისოდ, რომ მან საზღვარგარეთ ჯეროვანი მკურნალობა შესძლოს.

ასევე სხვა წინადადებებთან ერთად რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილისათვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების წინადადებასაც მოიცავს.

იქვე საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც. მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანება, ევროპის სახალხო პარტია, ევროპის პარლამენტის უდიდესი და ყველაზე ძველი ჯგუფია. სწორედ ამ ჯგუფმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭი 9 ივნისს უნდა უყაროს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend