მთავარისაქართველოექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა დაიწყო

ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა დაიწყო

„ცენტრ ემპათიის“ წარმომადგენლები კლინიკა „ვივამედში“ დღეს შევიდნენ

რამდენიმეთვიანი მოთხოვნის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი „ცენტრ ემპათიის“ ექსპერტებმა მოინახულეს. მათი პირველი ვიზიტი კლინიკა „ვივამედში“ 4 საათს გაგრძელდა. ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის თვეების განმავლობაში გაწეული სამედიცინო მომსახურება მისი დიაგნოზის შესაბამისი არ არის და მკურნალობა უშედეგოა.

„მკურნალობა და დიაგნოსტიკა იყო არასწორი. ჩვენ მიერ დეკემბერში გაცემული რეკომენდაციის მიხედვით უნდა ჩატარებულიყო თავის ტვინის MRT (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) კვლევა, რომელიც ჩატარდა მაისში. ასევე ნეირომიოგრაფია, რომელიც დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო, ჩატარდა მარტში – ეს მედიცინაში ადეკვატურ კვლევებად ვერ ითვლება. რაც შეეხება მკურნალობას – მკურნალობა არ არის მიმართული დიაგნოზებზე და შესაბამისად, შედეგიც არის ნული“ – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი, რომელიც „ცენტრ ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრია, ფიქრობს, რომ საქართველოში ვერცერთი კლინიკა ვერ შეძლებს მიხეილ სააკაშვილისთვის სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების გაწევას.

„პაციენტი არის საკმაოდ რთულად მოსავლელი. მის განკურნებას სჭირდება არამხოლოდ წმინდა მედიკამენტოზური მკურნალობა, არამედ გარემოს შეცვლა, შესაბამისი კომბინირებული თერაპიის ჩატარება შესაბამისი პროფილისა და გამოცდილების მქონე კლინიკაში. ასეთი კლინიკა საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს. ყველზე მეტად ვისაც უნდა ჰქონდეს ამის პრაქტიკა, უნდა მქონდეს მე, მაგრამ მე ასეთი პრაქტიკა არ მაქვს და არ მრცხვენია იმის აღიარების, რომ არ შემიძლია გავუმკლავდე ამ პაციენტთან დახვავებულ მთელ რიგ პრობლემებს“ – ამბობს ლალი ჯავაშვილი.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 27 მაისს, საქართველოს პარლამენტში  ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არცერთი კანონი არ ითვალისწინებს პატიმრის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაცვის მხარე პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, რომ სახელმწიფომ თავადაც იზრუნოს გამოკვლევების პროცესში ალტერნატიული ექსპერტების ჩართვის ჩართვაზე. ადვოკატებს უცხოელი სპეციალისტების მოწვევაც სურთ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტიზის პროცესი და ჩვენი სურვილია, რომ ეს პროცესი იყო მაქსიმალურად გამჭვირვალე. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, გამოყონ ექსპერტი ან ექსპერტები, რომ მათი ჩართულობითაც მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის დადება. ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ არ შეგვიქმნას დაბრკოლება ამ პროცესში უცხოელი ექსპერტების მონაწილების შესახებ, იმიტომ რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ამის გაკეთება“ – აცხადებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

მიხეილ სააკაშვილს „ცენტრ ემპათიის“ ექსპერტები ხვალ, 2 ივნისსაც მოინახულებენ. როდის შეძლებენ ისინი საბოლოო დასკვნის მომზადებას ჯერ ცნობილი არ არის. მათ დასკვნაში იქნება მოსაზრება და რეკომენდაცია იმის შესახებ, თუ სად უნდა გააგრძელოს მკურნალობა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

ნანუკა მეშველაშვლი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend