მთავარისაქართველოსუფთა ჰაერი ჩემი უფლებაა! - მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ ხელმოწერებს აგროვებს

სუფთა ჰაერი ჩემი უფლებაა! – მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ ხელმოწერებს აგროვებს

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში სიკვდილიანობის 11 პროცენტი ჰაერის დაბინძურებით არის გამოწვეული, რისი მთავარი მიზეზიც ქარხნების ნარჩენები, ამტვერებადი მასალით ქვის დამუშავება, მშენებლობები და ავტომობილის გამონაბოლქვია. ჰაერის დაბინძურება საქართველოშიც მწვავე პრობლემაა.

მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ მონაცემებით, თბილისში ჰაერი წლის განმავლობაში 263 დღე იყო განსაკუთრებით დაბინძურებული, რაც ასთმის, ბრონქიტის, კიბოსა და სხვა დაავადებების რისკებს ზრდის. თბილისში დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტომობილების გამონაბოლქვია.

„იმ პირობებში, რომ ამდენი მანქანაა და საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი თბილისში ცხოვრობს, დაბინძურებული ჰაერი შემაწუხებელია“, – ამბობს თბილისის მცხოვრები ერეკლე შველიძე.

ერთ-ერთ მოქალაქეს ნიკა თავბერიძეს კი მიაჩნია, რომ მოსახლეობას შეუძლია გადაადგილების ალტერნატიული გზები მოიძიოს.

„ხალხს ქალაქში ნებისმიერ ადგილას შეუძლია ველოსიპედით იმოძრაოს და მანქანა ყოველდღიურად არ გამოიყენოს“, – მიიჩნევს ნიკა.

სკოლის მოსწავლეებს ქეთო და ნინა ცირეკიძეებსა და ბარბარე ჯავახაძეს გარემოზე დაბინძურებული ჰაერის გავლენები გააზრებული აქვთ.

„ჩემი აზრით, ჰაერის დაბინძურება თვითონ ბუნებას ანადგურებს. ეს ყველასთვის ძალიან სახიფათო და საშიშია“, – ამბობს ქეთო ცირეკიძე.

„ჰაერს თუ დავაბინძურებთ, დავაბინძურებთ მცენარეებსაც. მცენარეების გარეშე კი სიცოცხლე არ შეიძლება. ჩვენ ბუნებასა და გარემოს უნდა გავუფრთხილდეთ“,  – აღნიშნა ბარბარე ჯავახაძემ „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში.

„ჩვენ ჰაერს ვაბინძურებთ და ეს არ შეიძლება არც ბუნებისთვის, არც ადამიანებისთვის და არც ცხოველებისთვის“, – ამბობს ქეთოს უმცროსი და ნინა ცირეკიძე.

„სუფთა ჰაერი ჩემი უფლებაა!“ – ასეთია მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ სლოგანი. მოძრაობა ხელმოწერებს აგროვებს, რომ ავტომობილის ხილულ გამონაბოლქვთან დაკავშირებულ კანონში ცვლილება შევიდეს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ხილული გამონაბოლქვი კანონდარღვევაა, თუმცა დაზუსტებული არ არის ამ კანონის აღსრულების მექანიზმი, ის, თუ როგორ უნდა მოხდეს გზებზე ხილული გამონაბოლქვის აღკვეთა.

იმისათვის, რომ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა განიხილოს, 25 000 მოქალაქის ხელმოწერაა საჭირო. მოძრაობაში ამბობენ, რომ ინიციატივა მხოლოდ მოძრაობის მოთხოვნა არ არის, ეს საზოგადოების სურვილიცაა. ამას ისიც ადასტურებს, რომ ხელმოწერები 1 თვეში შეგროვდა.

„10-დან 8-9 ადამიანი აწერს ხელს. ეს არის ჩართულობა, რომ საზოგადოების 80-90 პროცენტი ამ საკანონმდებლო ცვლილებას ეთანხმება. ამიტომ პარლამენტი ვალდებულია, გააკეთოს ის, რაც საზოგადოების მოთხოვნაა“, – ამბობს მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით მილიონ-ნახევარზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული. ხოლო თბილისში ყოველდღიურად ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილი მოძრაობს. სწორედ ავტომობილების რაოდენობის სწრაფი ზრდა და გაუმართავი მანქანებია ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი.

„აზოტის დიოქსიდის მომატებული კონცენტრაცია დაკავშირებულია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვთან. შესაბამისად, იმ ადგილებზე, სადაც ჩვენ გვაქვს განთავსებული სამონიტორინგო წერტილები. ინტენსიურ ავტოსაგზაო ადგილებში ჩვენ გვიფიქსირდება მომატებული აზოტის დიოქსიდის შემცველობა“, – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე.

მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ხალხის მოთხოვნას სახელმწიფო უპასუხებს და კანონში ცვლილება შევა. ხილული გამონაბოლქვის აღკვეთით კი ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend