სამოქალაქო ინიციატივამ „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“, ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს, ევროკომისიის პრეზიდენტისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის წერილი გადასცა.
წერილი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს შეეხება. დღეს, 30 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროკავშირის საელჩოში შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ახლა, როდესაც ევროკომისია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს განიხილავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმართონ ევროკომისიის პრეზიდენტს.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა სამოქალაქო ინიციატივის „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ მიერ შედგენილი წერილი ჩაიბარა. მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც ქვეყანას ევროკავშირთან დააახლოებს, ძალიან მნიშვნელოვანია. მან წარმატება უსურვა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
სამოქალაქო ინიციატივის მიერ შედგენილი წერილი კი სულ მალე ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს გადაეცემა.
სამოქალაქო საზოგადოების წევრები ამბობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია ერთი იდეის გარშემო გაერთიანება. მათი თქმით, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მუდმივად უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრება მნიშვნელოვანი და აუცილებელი.
სამოქალაქო ინიციატივის „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ მიერ შედგენილ წერილში ნათქვამია:
“ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას მტკიცედ სჯერა, რომ თავისი არსით და იდენტობით ევროპელები არიან და რომ მათი ქვეყნის ადგილი თავისუფალი სახელმწიფოების ევროპულ ოჯახშია.
ევროკავშირის დახმარება და მხარდაჭერა ყოველთვის გადამწყვეტი იყო და ყოველი მომდევნო წარმატებული ნაბიჯი – ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია – ძლიერ მოტივაციას გვაძლევდა, რომ უფრო მეტი გაგვეკეთებინა.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გააგრძელოს დაუღალავი მუშაობა ქვეყნის ევროკავშირში წევრობის გზაზე წინსვლისთვის”, – წერია ევროკომისიის პრეზიდენტისთვის მომზადებულ წერილში.
ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამოქალაქო ინიციატივის წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების აღიარება იქნება და დააჩქარებს ქვეყნის წინსვლას ყველა მიმართულებით.
მარიამ ქუხილავა