მთავარისაქართველოსაქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში

ის, თუ რა ფაქტორები იქნება გადამწყვეტი

ევროკავშირთან მაქსიმალურად დაახლოებისთვის, სხვა მექანიზმებთან ერთად, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება არსებობს.

შეთანხმება ადგენს იმ სფეროებს, რომლებშიც საქართველომ კონკრეტული რეფორმები უნდა გაატაროს ევროკავშირის ხელშეწყობით, განამტკიცოს და დაიცვას საერთო ევროპული ფასეულობები.

ამისთვის კი საჭიროა რომ იყოს პოლიტიკური ნება, რათა ქვეყნის კანონმდებლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისი გახდეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 45% შესრულებულია.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ამ მხრივ საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაშია.

„ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი მოთხოვნების და ვალდებულებების, დაახლოებით 45% შეასრულა. ამ პერიოდში, დღემდე საქართველო ცალსახად ლიდერობს ბევრი მიმართულებით, არა მხოლოდ ასოცირებულ ქვეყნებს შორის, როგორიცაა უკრაინა და მოლდოვა, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორისაც, რომლებიც უკვე ფლობენ წევრობის კანდიდატის სტატუსს. ეს მოცემულობა გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინების საფუძველს წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა იქნება პოლიტიკური“, – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

მოთხოვნების 45%-ის შესრულება კარგია, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ ევროკავშირმა წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭოს – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვანო ჩხიკვაძე. მისი თქმით, კანონების ფურცელზე გადმოწერა მათი შესაბამისად აღსრულების გარეშე არაფერს შეცვლის.

„იმის გამო, რომ ასოცირების დოკუმენტით ნაკისრი მოთხოვნების 45% შევასრულეთ, ევროკავშირი უპირობოდ მოგვანიჭებს წევრობის კანდიდატის სტატუსს, ასე საკითხის დასმა შეცდომაა. აქ ტოლობის ნიშანი ვერ დაისმევა. ერთია, რა გადმოვიტანეთ ფურცელზე მათი კანონებიდან და მეორეა, ჩვენ როგორ ვასრულებთ მას. ვგულისხმობ, აღსრულების მეთოდის ხარისხს და ნებას. სხვა საკითხია რა მდგომარეობაა პოლიტიკურ, მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეკონომიკურ ნაწილში. ახლა ევროკავშირის გადაწყვეტილება მხოლოდ ამაზე არ იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა ვანო ჩხიკვაძე.

ახლა ევროკავშირმა არა ტექნიკური, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – ამბობს „პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი და პროფესორი კორნელი კაკაჩია. მისი აზრით, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება საეჭვო მდგომარეობაშია.

„45% შეიძლება დიდად არ ჩანდეს, მაგრამ თუ შევადარებთ იგივე უკრაინისა და მოლდოვას მიღწევებს, აშკარა წინსვლაა და კარგი მაჩვენებელია. რა თქმა უნდა ტექნიკური პარამეტრებით ეს ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო და კარგი მიღწევაა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა ევროკავშირი მხოლოდ ამ პარამეტრით არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ყურადღება მიექცევა ისეთ საკითხებს, როგორიცაა – პოლიტიკური შემადგენელი, მართლმსაჯულებაში არსებული არასახარბიელო ვითარება. მათ შორის, უკრაინის საკითხთან მიმართებაში ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება და ა.შ.“,- ამბობს კორნელი კაკაჩია.

საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმება 2014 წლის 27 ივნისს გააფორმეს. მას შემდეგ დიდი და გამოწვევებით სავსე პროცესი დაიწყო. ეს შეთანხმება არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს.

ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ევროკავშირის საერთო მოთხოვნების 80%-ს შეადგენს. და მათი სრულად შესრულებაც კი არ არის საკმარისი გადაწყვეტილების მისაღებად. ის, თუ რა ფაქტორი იქნება გადამწყვეტი,  ექსპერტების თქმით, ივნისის ბოლოს გამოჩნდება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend