უკრაინისადმი მიძღვნილ სამიტზე გვიან ღამით ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ კომპრომისულ გეგმაზე, რომ აიკრძალოს რუსული ნავთობის იმპორტის ორი მესამედი. ეს ნიშნავს, რომ ემბარგო დაწესდება ზღვით ნავთობის შემოტანაზე, თუმცა მილსადენებით მისი მოწოდება ჯერჯერობით გაგრძელდება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შეთანხმების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად შემცირდება რუსეთის საომარი მოქმედებების დაფინანსების წყარო. მისი თქმით, ამ ნაბიჯს მყისიერი გავლენა ექნება რუსეთიდან მოწოდებული ნავთობის 75 პროცენტზე, წლის ბოლომდე კი – ევროკავშირში იმპორტირებული რუსული ნავთობის 90 პროცენტზე.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მნიშვნელოვანია პაკეტში გათვალისწინებული სხვა პუნქტებიც, რომლებიც გულისხმობს „სბერბანკის“ სვიფტის სისტემიდან გათიშვას, ევროპული კომპანიების მიერ რუსული გემების დაზღვევასა და გადაზღვევის აკრძალვას, რუსული კომპანიებისთვის სხვადასხვა ბიზნესსერვისზე წვდომის შეჩერებას. ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე შეწყდება კიდევ სამი რუსული არხის მაუწყებლობა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, დროებით დაივიწყონ შიდა უთანხმოებები, რომლებიც ნავთობზე ემბარგოსა და სანქციების მეექვსე პაკეტის დაწესებას შეაფერხებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას, რადგან უნგრეთი ნავთობის 60 პროცენტს სწორედ რუსეთის საბჭოთადროინდელი „დრუჟბის“ მილსადენით იღებს.
ეს არის ორდღიანი სამიტი და მიუხედავად დაგვიანებული მოლაპარაკებებისა, ევროპის ლიდერები კვლავ შეიკრიბებიან, რომ განიხილონ უკრაინასთან დაკავშირებული სხვა საკითხი, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება.