ლუჰანსკის რეგიონში მდებარე ქალაქ სევეროდონეცკის შენარჩუნებისთვის უკრაინელი ჯარისკაცები თავგანწირვით იბრძვიან.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტების საარტილერიო ცეცხლის შედეგად ქალაქის 90 პროცენტი განადგურებულია.
”სევეროდონეცკში საცხოვრებელი სახლების ორი მესამედი მომსპარია. ქალაქში საკომუნიკაციო კავშირი გაწყვეტილია, დაბომბვა არ წყდება. სევეროდნეცკის აღება მტრისთვის მნიშვნელოვანია, ეს რა ფასად დაუჯდებათ მათ არ ანაღვლებთ”, – თქვა ფრონტის ხაზზე მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსული არმია ხარკივის ჩრდილოეთით თავდაცვით სამხედრო ოპერაციებს აწარმოებს, ქალაქ სევეროდენცკისთვის ურბანულ შეტაკებებში ოკუპანტებს შეზღუდული წარმატება აქვთ.
ოკუპანტები აგრძელებენ ქალაქის ალყაში მოქცევის მიზნით, მიმდებარე მიდამოებში დასახლებების დაბომბვას და მათზე შეტევას. სამხრეთის ფრონტის ხაზზე კი უკრაინული არმია ქალაქ ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევით სამხედრო ოპერაციას აწარმოებს.
კიევის ცნობით, უკრაინაში ინტერვენციისას დღევანდელი მონაცემებით რუსულმა არმიამ უკრაინაში 30 ათასს 300 – ზე მეტი სამხედრო, 1300 – ზე მეტი ტანკი, 600 – ზე მეტი საარტილერიო სისტემა, 170 – ზე მეტი სამხედრო შვეულმფრენი და 200 – ზე მეტი სამხედრო საჰაერო ხომალდი დაკარგა.
ხარკივში რუსულ ინტერვენციამდე 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, სხვადასხვა მონაცემების თანახმად, მათგან სულ მცირე ნახევარს მშობლიური ქალაქის დატოვება მოუწია, რუსული არმიის ქალაქის მისადგომებთან დამარცხების შემდეგ ბევრი სახლში ბრუნდება.
”მტკივნეულია ჩემი სახლის ასეთ მდგომარეობაში ნახვა. ვიცი, რომ ჩვენი შენობა იმდენად დაზიანებულია, რომ უნდა დაინგრეს, მთელი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული, ჩემი შვილიც აქ გაიზარდა”, – წუხს ხარკივის მკვიდრი ოლგა ჩერნენკო.
უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, რუსული არმიის მიერ დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაფინანსებისკენ. პრეზიდენტის თქმით, ამ მიზნით სამართლებრივი მექანიზმები უნდა შეიქმნას.