ახალი კვირა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციის გეგმების გაშიფვრითა და ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციების აღკვეთის ღონისძიებებზე საუბრით დაიწყო. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირისგან შესაძლო უარყოფითი პასუხი, მხოლოდ ოპოზიციის დამსახურება იქნება, რადგან საქართველო წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყოველმხრივ მზადაა. მისი თქმით, ხელისშემშლელი მხოლოდ ოპოზიციის განცხადებები და საქმიანობა იქნება.
„როგორც მოგეხსენებათ, რადიკალური ოპოზიცია კვლავაც განაგრძობს საჯაროდ საუბარს იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. როგორც ცნობილია, იგივე გზავნილით ესაუბრებიან ისინი უცხოელ კოლეგებსაც. მათი მიზანი და გათვლა მარტივია: ივნისის ბოლოს საქართველომ, მათი გათვლით უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც, მათი გეგმის მიხედვით, მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს. შეგახსენებთ, რომ საქართველომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიაღწია ყველა ხელშესახებ შედეგს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ბაკურიანის შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების, ახალი შულავერის კომიტეტის, ომისა და ღალატის პარტიის ეს სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება და ზუსტად ისევე ჩაიშლება, როგორც მათ ხელისუფლების გადატრიალების ყველა წინა მცდელობა ჩაეშალათ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნიადაგის მომზადება და გადაბრალებისთვის წინასწარი ფონის შექმნა – ასე აფასებენ მმართველი პარტიის ოპონენტები ირაკლი კობახიძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს. ოპოზიციის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ მათი შეცდომების გამო, შესაძლო უარყოფითი პასუხის და შესაბამისად ქართველი ხალხის რეაქციის ეშინიათ.
„ხელისუფლება პანიკაშია. იმის ნაცვლად, რომ თავდაუზოგავად მუშაობდნენ ყველასთან ერთად, რომ მივიღოთ ის სტატუსი, რაც გვეკუთვნის, აკეთებენ სპეკულაციებს, რა მოხდება მას შემდეგ, თუ ამ სტატუსს ვერ მივიღებთ. მათ უკვე დაასკვნეს, იმდენად დააზარალეს ქვეყანა, პრობლემები შეუქმნეს და სრულიად დამსახურებული სტატუსი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისა აღარ გვეძლევა. ახლა ერთადერთ რამეს ცდილობენ, რომ გამოძვრნენ ვითარებიდან და ვიღაცებს რაღაცები დააბრალონ? ეს არის პანიკა ყველაფერთან ერთად. მივმართავ მათ, პანიკაში კი ნუ ჩავარდებით, ყველამ ერთად, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და ჩავიდეთ ყველა დედაქალაქში, მათაც ვანახოთ, რომ ჩვენ ერთად ვართ. შარლ მიშელის შეთანხმება დავიჭიროთ ხელში, ევროკავშირის ფასილიტაციით შექმნილი საგზაო რუკა ევროპისკენ, რომელიც გადააგდეს და მანამდე დააზარალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც ძალიან გვიან შემოუერთდა. ეს ნაბიჯებია ახლა გადასადგმელი და არა ის, რომ გავიშვიროთ ხელი იქით, რა იქნება როცა არ მოგვცემენ სტატუსს, ეს არის პანიკის შედეგი. კობახიძის განცხადებას არის სუპერ სახიფათო. როდესაც საკუთარ უუნარობას უკვე ახლა ევროპელების უმადურობით ხსნის ჰიპოტეტურ შემთხვევაში. ის, რაც თვითონ ვერ გააკეთა, ამაშიც კი დაზღვევას აკეთებენ. მიდიან იმაზე, რომ გააღვივონ საზოგადოებაში ანტიევროპული განწყობები, თითქოს მთავრობა ისჯება, რომ ქართველი ხალხის ინტერესებს იცავდა. ისინი კიდევ რაღაც სხვას გვთხოვენ და ასე შემდეგ. ამაზე ანტიევროპული, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ძნელი წარმოსადგენია. რაღაც მოსალოდნელ დიდ მთავრობის მარცხს პროგნოზირებენ და ამიტომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხის გასაცემად, ევროკავშირს სულ უფრო ცოტა დრო რჩება. იგივე დრო აქვს საქართველოსაც დაარწმუნოს ევროპული სტრუქტურები, რომ ამას იმსახურებს. პირველადი ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით, მზად დაახლოებით ორ კვირაში იქნება.
ალეკო გვეტაძე