უკრაინაში ომის პირველი ორი კვირის გატარებიდან ერთი თვის თავზე, კიევის რეგიონში ისევ დავბრუნდი. და სრულიად განსხვავებული სურათი ვიხილე.
რუსეთის არმიის უკანდახევის შემდეგ უკრაინის დედაქალაქში ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა. ვიცოდი, რომ თუმცა აქ ხალხი ქუჩაში ძველებურად დადიოდა და მაიდნის მოედანზეც ფერადი ტიტები კაშკაშებდნენ, ქალაქის გარეუბანში სრულიად განსხვავებული სურათი მელოდა.
ამ ქალაქში იმიტომ დავბრუნდი, რომ იქ ჩადენილი სავარუდო ომის დანაშაულის ამბები გადამეღო.
ნგრევის მასშტაბი შემზარავი აღმოჩნდა. ომამადე ქალაქის მშვიდობიან გარეუბანსა და მიმდებარე სოფლების ადგილზე
ნანგრევების გორები იდგა. ეს ნანგრევების მიღმა კი იმ ხალხის ღია ჭრილობებს ვხედავდი, ვინც ორკვირიანი ჯოჯოხეთი გაიარა.
კიევის შესასვლელთან მდებარე ირპინს ძალიან ძვირი დაუჯდა ის წინააღმდეგობა, რომელიც რუსულ ჯარს გაუწია. სწორედ აქ შევხვდი საშას – 29 წლის კაცს, რომელიც მშენებლობაზე მუშაობს.
მან მაჩვენა უბნის ყველა ის ადგილი, სადაც კოშმარი გაიარა და დაწვრილებით მომიყვა, როგორ ხვრეტდნენ ხალხს მასობრივად. როდესაც თავისი მეგობრის სანიას მკვლელობის ადგილზე მივედით, რომელიც საშას თვალწინ მოკლეს, ჩემს გიდს სახე დაუნაღვლიანდა. სანია საკუთარ დაბადების დღეზე დახვრიტეს.
ბოროდიანკა ერთ-ერთი ის ქალაქია კიევის რეგიონში, რომელიც ყველაზე მეტად დაბომბეს. მაშველებს ჯერაც არ შეუწყვეტიათ შენობების ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანის პროცესი.
„აქ იყვნენ ბავშვები, ბებიები, ისინი ყველგან იყვნენ,“ – ხმამაღლა მიყვებოდა მოხალისე მაშველი საშა, როდესაც იმ ნანაგრევებს მაჩვენებდა, საიდანაც ცხედრები ამოიყვანა.
ქალაქის მეორე მხარეს დროებითი საფლავებიდან ცხედრების ექსგუმაციის პროცესს დავესწარი. აქ უამარავი ექსგუმაცია მიმდინარეობს, რადგან ოკუპაციის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ახლობლებმა დროებით ეზოებსა და ბაღებში დაკრძალეს.
„შეხედე რა ლამაზი ბიჭია“, – მეუბნება აცრემლებული ნადია და თავისი 34 წლის გარდაცვლილი ვაჟის – კონსტანტინეს ფოტოს მაჩვენებს, რომლის დმაახინჯებული ცხედარიც ქალს ფერხთით უწევს. ნადია მწარედ ატირდა, როდესაც თავისი შვილის ცხედრის ტკივილით დამანჭული სახე დაინახა.
„ისინი მხეცები არიან! ეს არ არის არმია!“
გზას ნანგრევებს შორის მივიკვლევდით – გზისპირზე დამწვარი ავტომობილების ჩონჩხები ეყარა. სოფელ ანდრიივკაში შევჩერდით.
სოფელი ერთი თვის განმავლობაში იყო ოკუპირებული. თემშარაზე რუსული არმიის მიერ დატოვებული იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა იყო მიმოფანტული: ყუმბარის ნამსხვრევები და ჭურვები – მათ შორის აუფეთქებელიც.
აქ მიკოლას შევხვდი, მშვიდად მოსაუბრე ფერმერს. იგი ვაჟიშვილს გლოვობდა, რომელიც ქუჩაში დაცხრილეს. „მათ თქვეს, რომ იგი ინფორმაციას გადასცემდა ტელეფონით რუსეთის სატანკო კოლონის ადგილმდებარეობის შესახებ,“ – ამოიოხრა მიკოლამ. „ისინი მხეცები არიან. ეს არ არის არმია. არმია არ ესხმის თავს ბავშვებსა და ბებიებს! მათ კი სწორედ ეს გააკეთეს!“ ბოლოს კი ბრაზით და ტკივილით დაამატა: „18 წლის ბავშვები. ზოგიერთი მათგანი იჯდა და ტიროდა. ამბობდა: „არ გვინდოდა აქ მოსვლა, გვაიძულესო! გვითხრეს, სამდღიანი წვრთნა იქნებაო.“
ყოველი კილომეტრის გავლის შემდეგ ახალ საშინელ ამბავს ვიგებდით. მაკარივში კიდევ ერთი ექსგუმაცია გვაჩვენეს: ავტომობილში გამომწვარი ოჯახის ნეშტები გადაასვენეს. ოჯახი ქალაქიდან საავტომობილო კოლონასთან ერთად გადიოდა ე.წ. მწვანე დერეფანში და როდესაც ცეცხლი გაუხსენს, მათი ავტომობილი აფეთქდა.
მეზობელმა, რომელიც ამ პროცესს შორიდან ადევნებდა თვალს, გვერდზე გაგვიხმო.
მას სურდა ის ქალი გვენახა, რომლის ქმარიც იქვე მოკლეს. ქალი რუსმა ჯარისკაცმა გააუპატიურა. ამ ქალს სახლში მივაკითხეთ, მაგრამ არ დაგვხვდა. როდესაც მის ცარიელ ეზოში ვიდექი და დავფიქრდი, რაც აქ მოხდა, ძარღვებში სისხლი გამეყინა.
კიდევ ერთი კაცი მოვიდა, რომელმაც გვითხრა, რომ ოლესია, რომელსაც ვეძებდით, სამსახურშია იყო -ადგილობრივ საავადმყოფოში. მართლაც, იქ ვიპოვეთ. ოლესია ჩვენს დანახვაზე შეცბა, მაგრამ მალევე გადაწყვიტა, რომ რაც თავს გადახდა, მთელი მსოფლიოსთვის მოეთხრო. თხრობის დროს ხმა უწყდებოდა. ცრემლები წასკდა, როდესაც გაიხსენა ის ორდღიანი კოშმარი, როდესაც მკვდარ ქმარს დასტიროდა – ქმარი იმიტომ მოუკლეს, რომ ცოლის დაცვა სცადა. ქალი მოძალადე ჯარისკაცისგან რუსი მზვერავების რაზმმა იხსნა, რომელმაც იმ სახლს ჩაუარა, სადაც ქალი იყო გამომწყვდეული.
„გათავისუფლების შემდეგ შევიტყვეთ, რომ ისინი ჩეჩენი ჯარისკაცები იყვნენ, რომლებმაც ჩემზე იძალადეს. ჩემამდე კიდევ ერთი ქალი ტატიანა წაიყვანეს, გააუპატიურეს და ყელი გამოჭრეს. მე მეორე მსხვერპლი ვიყავი. ეს მზვერავები რომ არ მოსულიყვნენ, არც მე ვიქნებოდი ცოცხალი,“ – დაასრულა ოლესიამ ჩურჩულით.
ასეთ აღსარებას იშვიათად მოისმენთ. ტრავმა და შიში იმდენად ძლიერია, რომ ბევრი მსხვერპლი უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, ამიხსნა ლარისამ. ლარისა ადვოკატი და ადამიანის უფლებათა დამცველია. იგი ამჟამად რუსი ჯარისკაცების მიერ გაუპატირუებულ რამდენიმე მსხვერპლს ეხმარება. მაგრამ სულ უფრო მეტი ადამიანი ყვება ჯგუფური გაუპატირების დანაშაულზე, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება. ხშირად სხვისი თანდასწრებით. ლარისას დაცვის ქვეშ მყოფ ორ დაზარალებულს, დედასა და მის ქალიშვილს, სამი დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ ერთმანეთის თვალწინ. თანაც ჯარისკაცებმა მაჯის ძვლები დაუმტვირეს, რომ ვერც თავდაცვა მოეხერხებინათ, ვერც ერთმანეთის დახმარება და ვერც გაქცევა. ლარისა ამბობს, რომ ასეთი კიდევ მრავალი შემთხვევაა, რაც ამტკიცებს, რომ გაუპატიურება სისტემური დანაშაულია, რომელსაც იყენებენ როგორც საომარ იარაღს.
„მათ თავად ცხოვრებისაგან გაგვათავისუფლეს!“
ბუჩის ერთ დროს საშუალო კლასით დასახლებული გარეუბნის ნანგრევები მალავს რამდენიმე ენით აუწერელ სისასტიკეს, რაც კი ოდესმე ადამიანის ყურს გაუგონია, და რომელიც ოლგას მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება.
მისი მეუღლე ქალაქის ოკუპაციის დასრულების წინა დღეს გაუჩინარდა. კაცი ბოლოს მაშინ ნახეს, როდესაც საკვების გამანაწილებელი ცენტრიდან გამოსული რუსმა ჯარისკაცებმა აიყვანეს. მამაკაცის ცხედარი 10 დღის შემდეგ მორგში აღმოაჩინეს.
“აქ არის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა. ჩემს ქმარს თავის ტვინის ღია ჭრილობა აღმოაჩნდა. მათ თავის ქალა გაუტეხეს და ძვლები დაუმტვრიეს. ძვლის მოტეხილობები ჰქონდა. რისთვის მოკლეს, არ ვიცი, ჭიანჭველასაც კი არ დაადგამდა ფეხს“, – ამბობს ოლგა. იგი ყვება ომის საშინელ მოგონებებს, იხსენებს გამაყრუებელი სროლისა დ აფეთქებების ხმას, რუსული სატანკო კოლონის დგრიალს. „ისინი კლავდნენ, აწამებდნენ, საშინელებებს ჩადიოდნენ!“ – წამოიყვირა ოლგამ და სახეზე ხელები აიფარა. მერე თავი აწია და პირდაპირ კამერაში გაბედულად თქვა: „ ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენს გასათავისუფლებლად მოვიდნენ. ვისგან და რისგან გვათავისუფლებდნენ? მათ ყველაფრისგან გაგვათავისუფლეს…გაგვათავისუფლეს ნორმალური ცხოვრებისგან…თვით ცხოვრებისგანაც. ყოველდღე ველოდები ჩემს ქმარს, თითქოს სამსახურშია წასული და უნდა დაბრუნდეს…მაგრამ ის არ დაბრუნდება არა…ის არასოდეს დაბრუნდება…არასოდეს“. ოლგა დადუმდა და ჩამოწოლი მძიმე სიჩუმეში ცრემლები მხოლოდ ოლგას არ სდიოდა…
„მინდა მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რაც მოხდა“
სიჩუმეზე უარს ამბობს 20 წლის ქალიშვილი ტეტიანა, რომელსაც დედა რუსმა სნაიპერმა თვალწინ მოუკლა – ქალს ქმრისა და ქალიშვილის თვალწინ შუბლში დაახალა ტყვია.
ტეტიანამ ძალა მოიკრიბა და ტრაგედიის ადგილზე გაგვყვა. გოგონას სუნთქვა ეკვროდა, მაგრამ მაინც გვიყვებოდა, თუ როგორ გაიგო სროლის ხმა, როგორ წაიქცა დედა და ნატყვიარიდან სისხლმა იფეთქა.
“ამას ასე ვერ დავტოვებ…ვერ გავჩუმდები, რადგან ეს შემზარავია. მინდა, მსოფლიომ იცოდეს, რაც ხდება,“ – ამბობდა ტეტიანა. „მინდა, მოვყვე, რაც დედას დაემართა, რათა ეს აღარ მოხდეს სადმე სხვაგან. ვიცი, უკრაინელ ჯარისკაცებს შეუძლიათ სატელეფონო საუბრების მოსმენა და ჩაწერა. იქნებ, ერთ დღესაც გავიგოთ, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული და სამართალიც აღსრულდეს.“
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უკვე 11 ათასი სავარაუდო ომის დანაშაულის შემთხვევის იდენტიფიცირება მოახდინა. უკრაინაში ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ რომ დავბრუნდი,
უკვე აღიძრა სისხლის სამართლებრივი დევნა რუსული არმიის რამდენიმე წევრის წინააღმდეგ სავარაუდო ომის დანაშაულის საქმეზე.
მაგრამ რადგან ომი არ წყდება, სასტიკი დანაშაულის სიაც გრძელდება. და სანამ ჩვენი რეპორტაჟი ეთერში გავიდოდა, მე ვფიქრობდი ტეტიანას, ოლგას, საშას, ნადიას, მიკოლასა და სხვების სიმამაცეზე, რომლებიც სამართალს ეძებენ და სურთ, მათი ამბავი მთელმა მსოფლიომ გაიგოს.
ავტორი: ვალერი გორე