საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა, პარლამენტში მისულ პრემიერ-მინისტრს იმ ნაბიჯების ნუსხა გადასცა, რომელიც მათი განცხადებით, აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაბრკოლება არ შეექმნას. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში ბრიფინგი ოპოზიციის ნაწილმა გამართა.
მათ შორისაა სასამართლო და საარჩევნო რეფორმების სათანადოდ შესრულება და ნიკა გვარამიას გათავისუფლება. ამავე მოთხოვნით, მედიის ნაწილმა სხდომათა დარბაზში საპროტესტო ბანერი წარწერით – „თავისუფლება ნიკას“ გადმოფინეს.
ოპოზიციის მოთხოვნებია:
- ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში
- საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღება მე-2 და მე-3 მოსმენებით
- შეწყდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე – დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებზე და ელჩებზე თავდასხმა
- უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, სადაც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები უკრაინაში
- მთავრობის მიერ მომზადდეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას
- ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა
- მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მაღალი დონის სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა, რომელთა დასკვნის შესრულებაც მკურნალობა/რეაბილიტაციაზე სავალდებულო იქნება
ალეკო გვეტაძე