მთავარისაქართველოოპოზიციის მოთხოვნით პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს

ოპოზიციის მოთხოვნით პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს

საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა დღეს, 27 მაისს საქართველოს პარლამენტში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დრო დეპუტატების დაეთმო, ბოლოს კი ილია დარჩიაშვილმა დისკუსია შეაჯამა.

საუბარი სამ ძირითად თემას შეეხო:  რას აპირებს მთავრობა იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩა, რას აკეთებს საქართველო უკრაინისთვის და „რას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა“.

დავიწყოთ მესამე პუნქტით:

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, თუმცა მისი თქმით, ხალხი არ იმსახურებს იმ ნაბიჯებს, რასაც საქართველოს მთავრობა დგამს.

„საქართველო არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში ამკვიდრებს არაევროპულ ცხოვრების სტილს, არაევროპულ პოლიტიკურ სისტემას, არაევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

დავით უსუფაშვილის ამ პათოსს უპასუხა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ. მას თავისი მოსაზრება აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რას არ იმსახურებს საქართველო.

ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს: „ეს ქვეყანა არ იმსახურებს იმ ოპოზიციას, რომელმაც ექვსი თვის განმავლობაში, სრულიად უსაფუძვლოდ აჯანჯღარა ქვეყანა. ერთი მტკიცებულებაც ვერ მოიტანა არჩევნების გაყალბების და საბოტაჟი მოუწყო საკუთარ ხალხს. კიდევ იცით რას არ იმსახურებს? არ იმსახურებს არაჟნის კონტეინერით, უკანასკნელი კონტრაბანდისტივით შემოპარულ ყოფილ პრეზიდენტს“.

ძალიან მალე ევროკომისიამ უნდა მოამზადოს დასკვნა იმ კითხვარის მიხედვით, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეავსო თუმცა, არ გაასაჯაროვა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მთავრობას ამ კითხვარის გასაჯაროების ვალდებულება არ ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ კითხვარი შესაძლოა ოდესმე გასაჯაროვდეს.

ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების წინაშე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელსაც სამინისტრო დგამს მანამ, ვიდრე ევროკავშირში გადაწყვეტილებაზე მსჯელობენ.

თუმცა, ოპტიმისტური განწყობის მიუხედავად, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მაინც პოლიტიკური იქნება.

„განვახორციელე შეხვედრები და სატელეფონო ზარები ევროკავშირის წევრი ქვეყნების თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრთან. საქართველოს საელჩოებს მიეცათ ინსტრუქცია ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმსრულებელ ორგანოებთან, კვლევით ცენტრებთან და სხვა საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე ორგანიზაციებთან აქტიურად მუშაობის თაობაზე“, – აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

მინისტრის მიერ დასახელებული ნაბიჯები არასაკმარისად მიიჩნიეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, თუ რატომ არ მიუღია ევროპარლამენტს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ამ დრომდე.

„ევროპარლამენტმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რომ მხარს უჭერს როგორც მოლდოვის, ასევე უკრაინის განაცხადს გაწევრიანდნენ ევროკავშირში. სად არის საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია? რატომ არ არის მსგავსი რეზოლუცია არათუ მიღებული, არამედ არ არის შეტანილი პარლამენტის დღის წესრიგშიც კი“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სალომე სამადაშვილის ამ კითხვაზე მინისტრს პასუხი არ გაუცია.  მან თქვა, რომ პარლამენტის პროცედურებს სცემს პატივს და ფორმატი კითხვა-პასუხის რეჟიმს არ ითვალისწინებს. თუმცა, ილია დარჩიაშვილმა გადაწყვიტა მაინც გაეცა პასუხი დეპუტატების კითხვებზე უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

„ბოლო პერიოდში, უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დაახლოებით 250 რეზოლუცია და განცხადება იყო, სადაც საქართველო პირდაპირ იყო ჩართული ჩვენს პარტნიორებთან ერთად და სწორედ ამ განცხადებებისა და რეზოლუციების საშუალებით ჩვენ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებსა და მეგობრებს ქმედითად ვეხმარებოდით და ამას აუცილებლად მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა- ამ საკითხზე ევროპულმა საბჭომ ივნისის ბოლოს უნდა იმსჯელოს, ევროკომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ თუ რას აპირებს საქართველოს მთავრობა ევროპასთან დაახლოების გზაზე, გაწერილია ასოცირების დღის  წესრიგში, რომელიც გასულ კვირას შეთანხმდა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობას მინუსები აქვს, თუმცა არა ის მინუსები, რაზეც ოპოზიცია აპელირებს.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend