რუსულმა ბომბებმა კიდევ ერთხელ დატოვეს სიკვდილის კვალი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკივში, რომელსაც ახლა უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ.
მძიმე ვითარებაა დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში. ლუჰანსკის გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინელები რეგიონის მხოლოდ 5 პროცენტს აკონტროლებენ.
უკრაინა აღიარებს ამ ტერიტორიებზე რუსების უპირატესობას. შეერთებული შტატების მთავრობა კი ემზადება, რომ უკრაინას შორი მანძილის სარაკეტო სისტემები გადასცეს, თუმცა ეს ნაბიჯი შესაძლოა, ამ რეგიონებისთვის უკვე დაგვიანებული იყოს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთზე ზეწოლა თითოეული მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენის საკითხია. მისი აზრით, ყოველი გადადებული დღე, სისუსტე, დებატები თუ ნებისმიერი შეთავაზება, რომ აგრესორი დამშვიდდეს, უფრო მეტი უკრაინელის სიკვდილს ნიშნავს. ზელენსკი აღნიშნავს, რომ ეს ახალი საფრთხე ევროპის კონტინენტზე ყველას ემუქრება.
უკრაინა აღიარებს, რომ რუსების ტყვეობაში 8 000 უკრაინელი ჯარისკაცია. უკრაინის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ მათ რუს სამხედროებში გაცვლიან. პოლტავის რეგიონში კი კიდევ ორ რუს ჯარისკაცს მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა ომის დანაშაულებების გამო. ორივე მათგანი აღიარებს ბრალს. ისინი ციხეში 12 წელს გაატარებენ.
როგორც მოსკოვი აცხადებს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგალითად, მარიუპოლში, რუსიფიკაციის პროცესი დაიწყო. სასწავლო გეგმასთან ადაპტაციის მიზნით ბავშვებს გაუუქმდათ საზაფხულო არდადეგები. ხოლო ზრდასრულებისთვის ქალაქში მოძრაობენ სატვირთოები, რომლებიც ომის შესახებ მხოლოდ რუსეთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ავრცელებენ.