რუსული მედია ავრცელებს კადრებს, სადაც ასახულია, თუ როგორ ათვალიერებინებენ რუსი სამხედროები, ჟურნალისტებს ქარხანა „აზოვსტალის“ იმ ნაწილს, რომელიც რუსეთს უკვე შემოწმებული აქვს.
ჯერ მხოლოდ ტერიტორიის 30%-ია შემოწმებული. ეს არც ისე იოლი დავალებაა, რადგან ტერიტორია დაახლოებით 11 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.
როგორც ქარხანა „აზოვსტალის“გენერალურმა დირექტორმა, ენვერ ცქიტიშვილმა საერთაშორისო მედიას უამბო, ამ ტერიტორიაზე რამდენიმე გვირაბია, თითოეულის სიგრძე 6 კილომეტრზე მეტია. ენვერ ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეს მრავალსართულიანი ქალაქია მიწის ქვეშ… რუსი სამხედროები კი აცხადებენ, რომ ბეტონის ზოგიერთი ბუნკერი მიწის ქვეშ შვიდ სართულზე ჩადის. ამიტომ, რუსულ არმიას კიდევ ბევრი დრო დაჭირდება, რომ ეს ტერიტორია ბოლომდე შეამოწმოს.
რუსული მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლების მიერ დატოვებული ნივთები, ასევე ვაზნები, რომელსაც როგორც რუსი ჯარისკაცები ამბობენ, უკრაინელები შეგნებულად ყრიდნენ იატაკზე, რათა გვირაბებში გზა გაეკვლიათ. ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ დააზიანა რუსულმა ბომბებმა ფოლადის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქარხანა უკრაინაში, რომელიც გარდა ინდუსტრიული დანიშნულებისა, ათასობით ადამიანის თავშესაფარი იყო რუსეთის შეტევების დროს.
რუსული მხარე ასევე აცხადებს, რომ მათ უკვე გაათავისუფლეს მარიუპოლის პორტი ნაღმებისგან და პორტმა ფუნქციონირება დაიწყო. თუმცა, მოსკოვი კვლავ არ აძლევს კიევს საშუალებას, ხორბალი ქვეყნიდან პორტებით გაიტანოს. ამით, უკრაინაც ზარალდება და უკრაინულ ხორბალზე დამოკიდებული ქვეყნებიც, მოსკოვს კი დამატებითი ბერკეტი უჩნდება, რომ დასავლეთთან სანქციებზე ივაჭროს. ვრცელდება ცნობები დაღუპულთა შესახებ. მარიუპოლის მერის მრჩეველი ამბობს, რომ მხოლოდ ამ ქალაქში 22 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული… რუსეთის თავდაცვის უწყებაში კი ამ დროს სამხედრო მიღწევებზე საუბრობენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი, იგორ კონაშენკოვი აცხადებს, რომ „მოსკოვმა მარიუპოლი გაათავისუფლა“. ასევე, მისივე ცნობით, რუსულმა არმიამ ზუსტი დამიზნების შორსმსროლელი საჰაერო და საზღვაო რაკეტებით გაანადგურა სამხედრო-საჰაერო ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა, „მოტორ სიჩის“ საწარმო ზაპოროჟიეში, რომელიც აწარმოებდა სამხედრო თვითმფრინავების ნაწილებს უკრაინული არმიისთვის, მათ შორის უპილოტო საფრენებსაც.
სულ რამდენიმე დღე გავიდა, რაც რუსულმა მხარემ გაავრცელა ცნობა, რომ აზოვის პოლკის მეთაური, დენის პროკოპენკო მათ ჩაბარდა. ახლა უკვე პროკოპენკოს ცოლი ამბობს, რომ მას მეუღლემ დაურეკა, თუმცა დაბალი ხარისხის კავშირის გამო მათ საუბარი ვერ მოახერხეს. აზოვის პოლკის წევრთა ცოლები ამბობენ, რომ მოსკოვს, კიევსა და წითელ ჯვარს შორის შეთანხმების მიხედვით, ტყვედ ჩავარდნილ სამხედროებს აქვთ უფლება, რომ ოჯახებში კვირაში რამდენიმეჯერ დარეკონ. ისინი ამბობენ, რომ ბოლო დღეებში საკუთარ ოჯახებში „აზოვსტალიდან“ ჩაბარებულმა ბევრმა სამხედრომ დარეკა.
აზოვსტალიდან ჩაბარებულ მებრძოლთა ოჯახებს იმედი აქვთ, რომ მათი საყვარელი ადამიანები სახლში მალე დაბრუნდებიან, ამ ფონზე კი რუსეთში განიხილავენ კანონპროექტს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც აზოვსტალიდან გამოსულებს ტყვეების სტატუსით გაცვლა არ უწერიათ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი რუდენკო კი ამბობს, რომ მოსკოვსა და კიევს შორის ტყვეების გაცვლის განხილვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ უკრაინელი სამხედროების გასამართლების შემდეგ.