მთავარი ევროპა მოლდოვა მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი დააკავეს

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი დააკავეს

მოლდოვის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის დაკავების შესახებ. იგორ დოდონი მთავარი პრორუსული ოპოზიციური პარტიის ლიდერია.

პოლიცია კიშინიოვში, სავარაუდოდ, დოდონის კუთვნილებაში არსებულ სახლთან იყო მობილიზებული. როგორც ამბობენ, პოლიცია ჩხრეკის ოპერაციას ატარებს ყოფილი პრეზიდენტის სახლში. მიმდებარე ქუჩაზე კი მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია კორუფციისა და ღალატის ბრალდებით. დოდონის ათეულობით მხარდამჭერი პარლამენტის შენობასთანაც შეიკრიბა. ისინი მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ.

იგორ დოდონის დაკავებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი. მან აღნიშნა, რომ ეს მოლდოვის საშინაო საქმეა. თუმცა დასძინა, რომ არ მოსწონთ ის პრაქტიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაციისადმი დადებითად განწყობილი პირების მიმართ იყენებენ. დმიტრი პესკოვს მიაჩნია, რომ დოდონის ყველა სამართლებრივი უფლება დაცული უნდა იყოს.

ყოფილი პრეზიდენტის პარტია პარლამენტის 101 ადგილიდან 22-ს აკონტროლებს და მთავარი ოპოზიციური ძალაა, რომელიც მოლდოვის კომუნისტურ პარტიასთან კოალიციაშია გაერთიანებული.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend