ხარკივის მეტრო კვირების განმავლობაში გაჩერებული იყო. მეტროს სადგურებში ათასობით ადამიანი რუსულ ბომბებს აფარებდა თავს. მტერმა უკრაინის კონტრშეტევის შედეგად უკან დაიხია. ზოგიერთი მოქალაქისთვის ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავს. ისინი მადლობას უხდიან მთავრობას, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ მოქალაქეების ნაწილი ჯერ კიდევ მეტროში ცხოვრობს.
ქალაქს, რომელშიც ომამდე დაახლოებით მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობდა, ყოველდღიურად 2 ათასი მოქალაქე უბრუნდება. ხარკივში ახლა შედარებით უსაფრთხოდ არიან, თუმცა ათასობით ადამიანს დაენგრა სახლი. მათ დახმარება სჭირდებათ, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყონ.
ხარკივის შემოგარენში კი სამხედროები და მოხალისეები რუსი სამხედროების ცხედრებს პოულობენ. ზოგს ხელები აქვს შეკრული. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, ისინი, სავარაუდოდ, დეზერტირები იყვნენ, რომლებიც თავად რუსებმა დახოცეს.
თუმცა ქალაქიდან მტრის განდევნა მის უკან დახევას არ ნიშნავს. კუტუზივკის დასახლებაში ჯერ კიდევ ვერ გრძნობენ თავს მშვიდად, რადგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით რუსული არტილერიაა.
რუსეთის ტელევიზიამ აჩვენა კადრები, როგორ იყენებენ ხარკივის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს მრავალჯერად სარაკეტო სისტემა „ურაგანს“.
კადრებში ჩანან რუსი სამხედროებიც, რომლებიც დონბასის რეგიონში ერთ-ერთ საგუშაგოს აკონტროლებენ. რუსეთი სწორედ დონბასის რეგიონში აძლიერებს შეტევას.