უკრაინელი სამხედროები დონბასის რეგიონში რთულ მდგომარეობაში არიან. რუსეთის არმიის მთელი ძალისხმევა აღმოსავლეთ ფრონტისკენ არის მიმართული.
მიუხედავად მცირე წინსვლისა, გრძელდება სასტიკი ბრძოლები, რეგიონს განუწყვეტლივ ბომბავენ.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, მომავალი რამდენიმე კვირა რთული იქნება, თუმცა იგი, ბრძოლის გარდა, სხვა გზას ვერ ხედავს.
ყველაზე რთული ვითარება ახლა დონბასშია. ოკუპანტები აქტიურობენ ბახმუტის, პოპასნისა და სევეროდონეცკის მიმართულებით. მათ იქაურობა, ფაქტობრივად, სასაკლაოდ აქციეს. რუსი სამხედროები ცდილობენ, მოსპონ ყველაფერი, რაც ცოცხალია. ზელენსკის თქმით, დონბასი ასე არავის გაუნადგურებია.
უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ ბოლომდე გაუწევენ უკრაინას სამხედრო დახმარებას. მათ ასევე აღნიშნეს, რომ კიდევ 20 ქვეყანა შესთავაზებს უკრაინას უსაფრთხოების დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც საარტილერიო საბრძოლო მასალის, სანაპირო დაცვის სისტემებისა და ტანკების გადაცემას ითვალისწინებს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ რამშტაინის ბაზაზე საკონტაქტო ჯგუფი ოთხი კვირის წინ შეიკრიბა. მისი თქმით, დღემდე გრძელდება შემოწირულებებისა თუ სხვადასხვა დახმარების გაცემა. თუმცა ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ უფრო მეტად უნდა გააქტიურდნენ და დაეხმარონ უკრაინას.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინიდან მარცვლეულს იპარავენ. ამას ადასტურებს ყირიმში, სევასტოპოლის პორტში სატელიტით გადაღებული ფოტოებიც. კიევი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთისა და გაეროს ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას აპირებს, განიხილოს დერეფნის შექმნის საკითხი, რათა უკრაინიდან ხორბლის, მზესუმზირისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტი უზრუნველყოს.