მთავარისაქართველოკულტურის სამინისტრო ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად შეფასდა

კულტურის სამინისტრო ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად შეფასდა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2022 წლის ანგარიში წარადგინა და 13 ყველაზე ღია საჯარო დაწესებულება დააჯილდოვა.

სიგელები გადაეცა ყველა იმ უწყებას, რომელსაც 2021 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100 პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შეფასდა. კულტურის სამინისტროს შემდეგ კი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით (30.44%)  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შეფასდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კულტურის სამინისტრომ მათი 42-ივე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, შესაბამისად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელმა 0% შეადგინა.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებებს შორის მოხვდა: სახალხო დამცველის აპარატი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანახმად 2021 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით ორი პროცენტით გაუმჯობესდა. თუმცა ეს მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში მაინც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

2010- 2021 წლებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა, 28 პროცენტმა, არ გაასაჯაროვა შიდა აუდიტების ანგარიშები. ასევე პრობლემური იყო პანდემიასთან დაკავშირებით ინფორმაციის საჯაროობა.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend