ოპოზიციას, უკრაინის ხელისუფლებას და საერთაშორისო პარტნიორებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ახალ მოთხოვნას უყენებს. მმართველი პარტიის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ არსებული კითხვები თუ ბრალდებები, უკრაინისთვის სათანადო მხარდაჭერის არ გამოცხადებასთან დაკავშირებით, არგუმენტირებული უნდა იყოს და ამ პრეტენზიების ჩამონათვალი მთავრობას წერილობით მიაწოდონ.
“ჩვენ გვგონია, რომ ყველა, ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციით უკრაინასთან დაკავშირებით, სინამდვილეში მხოლოდ იმითაა უკმაყოფილო, რომ საქართველო ომში არ ერთვება. თუ რაღაცის თქმა გსურთ და ვერ ბედავთ, ყველანაირად დაგეხმარებით, რომ სათქმელი ღიად გამოხატოთ. ბუნებრივია, ისეთი სანქციების დაწესებას, რომლებიც რუსეთს ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას და ხალხს უმძიმეს ტვირთად დააწვებოდა, არავითარი გამართლება არ ექნებოდა. საკუთარ ქვეყანას და ხალხს ჩვენ სანქციებს ვერ დავუწესებდით.
შესაბამისად, სინამდვილეში, ერთადერთი, რაშიც არ გამოვხატეთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხიც იგივე მდგომარეობაში არ არის ჩავარდნილი. ამიტომ, მივმართავთ რადიკალურ ოპოზიციას, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. საჯაროდ დასმულ კითხვებზე ჩვენც საჯაროდ გაგცემთ პასუხს. იგივეს ველით თქვენს მიერ დაქირავებული ლობისტებისგანაც. უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა, რაზეც ისინი საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად მიგვანიშნებენ. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტებს ვერც მათგან ვისმენთ. გვაინტერესებს, რატომ ჰგავს მათი და “ნაციონალების” რიტორიკა ერთმანეთს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავე ბრიფინგზე კობახიძემ ქართული ოპოზიცია ქვეყნის მტრობაში პირდაპირ დაადანაშაულა. მისი თქმით, ოპოზიციის დიდი ნაწილი, ვინც ბრიუსელში შეხვედრებს მართავს, ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მომავალს. მისივე განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპელ ლიდერებს, საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე უარის თქმას თხოვენ.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან დადიან დერეფნებში, კაბინეტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ. ეს არის მოცემული ფაქტი, რაც ახალი მოვლენა არ არის. თქვენ იცით, რამდენჯერაც კონკრეტულ კაბინეტებში შედიან ეს პოლიტიკოსები, იქიდან კონკრეტული მესიჯები გამოდის. ამის გათვალისწინებით, საზოგადოებისთვისაც ცხადია, თუ რა მესიჯებით შედიან ისინი ამ კაბინეტებში და რა მესიჯებით დადიან დერეფნებში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები“, – აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ოპონენტებმა ირაკლი კობახიძის განცხადებებს მყისიერად უპასუხეს. მათი თქმით, უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებული კითხვები „ქართულ ოცნებასთან“ ლეგიტიმურია. წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხზე კონსპირაციული განცხადებები კი ახალი პროპაგანდაა, რომლითაც მმართველი გუნდი ცდილობს ნიადაგი შეამზადოს მოსახლეობის განწყობებში, რომ თუ საქართველო ევროკავშირისგან უარს მიიღებს, ყველაფერი ოპოზიციას დაბრალდეს.
„უკრაინის სათანადო მხარდაჭერის არ გამოცხადების საკითხზე, ირაკლი კობახიძეს ვუპასუხებთ მას შემდეგ, როცა ის დაასახელებს რომელი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ან წევრი უშლიდა ხელს ევროინტეგრაციის პროცესს. ასევე, როდესაც კობახიძე იტყვის, რატომ არ შეხვდნენ 27-ვე ქვეყნის წარმომადგენელს, რომელმაც ხმა უნდა მისცეს საქართველოს კანდიდატობის სტატუსს.
ჩვენ აუცილებლად, მეორე დღესვე ჩამოვთვლით საკითხებს, რაც უნდა გაეკეთებინათ უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე. ამ საკითხების გადაწყვეტას რა ხიფათს შეიცავდა, ვერ ვხვდები. კობახიძის განცხადება, რომ თითქოს ოპოზიცია ბრიუსელში, დერეფნებში დადის და ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს, არის აბსურდი და პროპაგანდა. მაგრამ არ გამოუვა ხელისუფლებას ისრების ოპოზიციაზე გადატანა. ისინი ამ პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
ოპოზიციის თქმით, ვერც უკრაინასთან და ვერც ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მმართველი პარტია პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს, რადგან ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“ და ოპოზიციისთვის ყველაფრის გადაბრალება ვერ მოხდება. პოლიტიკურ ტემპერატურაზე ახლა განსაკუთრებით ევროკავშირის პასუხი მოქმედებს, რომელიც ჯერ უცნობია და სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.
ალეკო გვეტაძე