საქართველო ევროკავშირის მიმართ ახალ ვალდებულებებს იღებს. ასოცირების ახალი დღის წესრიგი ევროკავშირის ოფიციალურ ვებსაიტზე უკვე გამოქვეყნდა, თუმცა ის ჯერ დამტკიცებული არ არის. თუ ქვეყანა ამ დოკუმენტში ჩაწერილ ახალ ვალდებულებებს შეასრულებს, ის უფრო მეტად დაუახლოვდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სტანდარტებს. ამისთვის, საქართველომ კიდევ ერთი, საკმაოდ რთული საშინაო დავალება უნდა შეასრულოს, რომელიც მოიცავს დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას, სასამართლოს რეფორმას, გარემოს დაცვის სფეროს, ეკონომიკას და არამარტო.
„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ ტექსტი უკვე მოლაპარაკებულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ახლა კი, ის უკვე წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ და დაამტკიცონ ის.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი ასევე სამოქალაქო საზოგადოების ხელში, რადგან სამოქალაქო საზოგადოება თითქმის ყოველ წელს მონიტორინგს უწევდა ასოცირების დღის წესრიგს. გამონაკლისია ბოლო ორი წელი, იქიდან გამომდინარე, რომ ასოცირების ახალი დღის წესრიგი დროში ძალიან გაიწელა, იმიტომ რომ ვერ მოხერხდა რაღაც პერიოდის განმავლობაში ტექსტზე შეთანხმება, გარკვეული ცვლილებები შევიდა მას მერე, რაც კითხვები გაჩნდა სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, მას მერე რაც მოხდა 5 ივლისი… ასე, რომ ეს იყო ძირითადი პრობლემები და სირთულეები, რაც თან ახლდა და პრინციპში დღემდე თან ახლავს ამ დოკუმენტის დამტკიცებას“, – აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.
მართლმსაჯულების სფეროში რომ რეფორმაა გასატარებელი, თანაც ამბიციური – ამაზე დიდი ხანია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მიანიშნებენ. მეტიც, ეს ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმებაშიც“, რომელიც 2021 წლის 19 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით გაფორმდა. მოგვიანებით, ეს შეთანხმება ხელისუფლებამ დატოვა, პირობების ნაწილი კი არ შესრულებულა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი, გურამ იმნაძე აცხადებს, რომ ის, რაც 19 აპრილის შეთანხმებაში სასამართლო სისტემის შესახებ ეწერა, ასოცირების დღისწესრიგშიც გადმოტანილია.
„დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური და რადიკალური რეფორმა, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, თუ რას გულისხმობს ეს ფუნდამენტური რეფორმა. საუბარია იმაზეც, რომ მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის ფორმატები უნდა იყოს კიდევ უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესებით მოწესრიგებული. სპეციალურად არის ყურადღება გამახვილებული გენერალურ პროკურორზე, მისი არჩევის წესზე და საუბარია იმაზე, რომ პარლამენტი მას მაღალი კვორუმით უნდა ირჩევდეს“, – ამბობს გურამ იმნაძე.
ბოლო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა. ახალი დღის წესრიგით, ბრიუსელი თბილისისგან ითხოვს ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებას. ევროკავშირი საქართველოსგან კვლავ ითხოვს დემოკრატიის პრინციპების დაცვას, კანონის უზენაესობის პატივისცემას, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას და სხვა.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საერთაშორისო დონეზე კიდევ უფრო დაფასდა უსაფრთხოება. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალ დღის წესრიგში არის პარაგრაფი უსაფრთხოებასა და თავდაცვაზეც. საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, გვანცა ჩაჩანიძე მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც კიბერუსაფრთხოებასა და ჰიბრიდულ ომს ეხება.
„დოკუმენტში რამდენიმე პუნქტია უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთი ითვალისწინებს იმას, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად დაეხმარება საქართველოს ჰიბრიდულ ომში და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ. ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუნდაც უკრაინაში ომის მაგალითზე, ჩვენ გავიაზრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის“- ამბობს გვანცა ჩაჩანიძე.
ასოცირების დღის წესრიგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, როცა საქმე ეხება ევროკავშირსა და მასთან ასოცირებულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას. დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, მის წინამორბედ დოკუმენტებთან შედარებით უფრო გრძელვადიანია. ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის 2021-2027 წლებს მოიცავს.
სოფო მაქაცარია