უნგრეთში თითქმის 3 თვეა, მოხალისეები უკრაინიდან ჩამოსულ ლტოლვილებს 24 საათის განმავლობაში ხვდებიან. ბუდაპეშტში მხოლოდ ორგანიზაცია Migration Aid-ის სასტუმროში უკვე 3000-მა მოხალისემ იმუშავა.
ზოგიერთი მათგანი კვირაში ერთხელ, ზოგი კი ყოველდღე აქ არის. თუმცა რაც დრო გადის, უფრო ნაკლები მოხალისე მოდის დასახმარებლად.
კოორდინატორი მარტა ვაჟკო ამბობს, რომ საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არიან მოხალისეები, თუმცა არასაკმარისად. მისი თქმით, ადამიანები გადაიღალნენ.
ცენტრის ერთ-ერთი მოხალისე ავღანელი ლტოლვილია, რომელიც უნგრეთში ცხოვრობს, კიდევ ორი მოხალისე შეერთებული შტატებიდანაა.
მოხალისე შეერთებული შტატებიდან იან ნაითი ამბობს, მისთვის რთულია იმის გაგება, თუ რა გადაიტანეს ამ ადამიანებმა. ამბობს, რომ იყო პერიოდები, როდესაც იქ უბრალოდ იდგა და ხედავდა, როგორ ტიროდნენ და ყვებოდნენ მათ მიერ ნანახ და გადატანილ შემზარავ ისტორიებს. თუმცა, იანი ამბობს, რომ ამავდროულად ბევრ ადამიანში დაინახა იმედი და უხარია ,რომ მათი დიდი ნაწილი მაინც პოულობს ცხოვრებაში ხალისს.
იმ დროს, როცა Migration Aid’s თავშესაფარში მუშაობა გრძელდება, უნგრეთის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ბუდაპეშტის სპორტის სასახლეშია განთავსებული, სულ უფრო და უფრო ნაკლები მოხალისე მიდის. მიუხედავად არაერთი სარგებლისა, იქნება ეს სამედიცინო დაზღვევა, თუ უფასო კვება, მათი რაოდენობა რამდენიმე ასეულამდე შემცირდა.
სპორტის სასახლეში მომუშავე მოხალისეები აცხადებენ, რომ დევნილთა სიმცირე განპირობებულია იმით, რომ უნგრეთში ჩამოსულთა უმეტესობა გზას დასავლეთის სხვა ქვეყნებისკენ აგრძელებენ.