მთავარისაქართველორას ამბობენ რუსეთში ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილ „რეფერენდუმზე“

რას ამბობენ რუსეთში ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილ „რეფერენდუმზე“

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური რეფერენდუმისთვის ემზადებიან. თითქმის ორ თვეში, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას – სურთ თუ არა რუსეთთან შეერთება.

რუსული მედია ავრცელებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გრიგორი კარასინის განცხადებას, სადაც ის ამბობს რომ ამ რეფერენდუმთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ესაუბრა.

იმავე წყაროს ცნობით, გრიგორი კარასინმა ქალაქ ყაზანში მიმდინარე სამიტზე ახსენა ტერმინი „ქართველი პარტნიორები“ და თქვა, რომ ეს რეფერენდუმი ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომელიც ქართულ მხარეს აღელვებს და მოსკოვში ამ საკითხს ყურადღებით აკვირდებიან. უცნობია, რა ფორმატში გააკეთა გრიგორი კარასინმა ეს განცხადება. სტატიაში ეს აღნიშნული არ არის.

18 მაისს, გრიგორი კარასინთან სატელეფონო დიალოგი რომ მართლაც შედგა, ეს “ევრონიუს ჯორჯიასთან” დაადასტურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ.

თუმცა, ის ამბობს, რომ მას და გრიგორი კარასინს შორის პრაღაში შეხვედრების ფორმატის აღდგენა ამ დროისთვის დღის წესრიგში არ დგას, რადგან მისი თქმით, „ახლა ამის დრო არ არის“.

„ბატონმა კარასინმა გააკეთა მოკლე კომენტარი ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ, ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ და ეს უყურადღებოდ არ რჩება მათი მხრიდან. მან ასევე თქვა, რომ რეფერენდუმთან დაკავშირებით მოსკოვი არანაირ აქტიურობაში არ არის ჩართული. დაახლოებით ასეთივე კომენტარი რამდენიმე დღის წინ გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. საავიაციო რეისების აღდგენაზე ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს საუბარი არ ყოფილა. მოკლედ განვიხილეთ საკითხი ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო პუნქტზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.

მაშინ, როცა არალეგიტიმური რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ დისკუსია დაიწყო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ოკუპაციის პირობებში ცხინვალის რეგიონში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა.

პირველ აპრილს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა ნედ პრაისმაც განაცხადა, რომ შტატები არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფის მცდელობის შედეგებს. მოსკოვში კი ტრადიციულად უარყოფენ მორიგი ანექსიის მცდელობას და ამბობენ, რომ რეფერენდუმის ინიციატივასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „ევრონიუს ჯორჯიასთან“ ამბობს, რომ „რეფერენდუმთან“ დაკავშირებით განვითარებული პროცესები რუსეთის სპეკულაციას ჰგავს.

„გრიგორი კარასინმა დაახლოებით 2 თვის წინ თქვა, რომ საქართველო კარგად იქცევა უკრაინის კონტექსტში და რუსეთი ამას დააფასებს. ამის შემდეგ, 5-6 დღეში ანატოლი ბიბილოვმა დააანონსა რეფერენდუმი და შემდეგ თარიღიც დანიშნა. მგონია, რომ ეს ყველაფერი მაინც სპეკულაციაა რუსეთის მხრიდან. თარიღი უკვე დანიშნულია და მაშინ ოსებს უნდა აუხსნან თუ რატომ მოხსნეს რეფერენდუმი… თუ მოიხსნა, ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად რაღაც გავლენა იყო. მაგრამ, თუ არ მოიხსნა და რეფერენდუმი ჩატარდა… მგონი, რომ კარასინის კონტექსტიდან გამომდინარე ახლა რუსეთმა შეიძლება არ განახორციელოს ანექსია და არ მიიღოს და გაითვალისწინოს რეფერენდუმის შედეგები, თუმცა „ჯიბეში ჩაიდოს“ და როცა დაჭირდება მაშინ ილაპარაკოს…“- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

რეფერენდუმის დანიშვნა არალეგიტიმურ არჩევნებში დამარცხებული მოქმედი პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ერთ-ერთი ბოლო განკარგულება იყო, რომელსაც ახლად არჩეული დე-ფაქტო ლიდერის ალან გაგლოევის კრიტიკა მოჰყვა.

თუმცა, განკარგულება ისევ ძალაშია და 17 ივლისს არალეგიტიმური რეფერენდუმი დიდი ალბათობით მაინც გაიმართება.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend