უკრაინაში რუსული არმიის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან იბრძვიან ქართველი მოხალისეები. ისინი ამბობენ, რომ ამას როგორც უკრაინის, ისე საქართველოს თავისუფლებისთვის აკეთებენ.
„ევრონიუს ჯორჯია“ უკრაინაში მებრძოლ ნიკა ჭურაძეს ესაუბრა, რომელიც მხატვარია, თუმცა ამ ომმა მისი პროფესია დროებით შეცვალა. ახლა ის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ იბრძვის და ეს მისთვის პირველი ბრძოლა არ არის რუსეთის წინააღმდეგ. ნიკა ჭურაძე უკრაინაში ომის დაწყებისთანავე წავიდა და ამბობს, რომ იქიდან მხოლოდ გამარჯვების შემდეგ დაბრუნდება.
„ჩემთვის რთული სანახავი იყო მედიის საშუალებით გავრცელებულ კადრები და ის ტკივილი… მივხვდი, რომ დღეს თუ იქ არ წავალ, ხვალ და ზეგ ჩემს მიწაზე მოხდება იგივე. რუსეთი ასე იოლად არ გაჩერდება. პირველივე დღეებში წამოვედი. თქვენ რომ ნახოთ აქ რა ხდება, რა კვალს ტოვებენ ისინი… გასაგებია, რომ ომია, მაგრამ ომსაც აქვს თავისი წესები. რუსულ მხარეს კი ომის განსხვავებული წესები აქვს და ეს წესი ბოროტებაა. ვერ წარმოიდგენთ, როგორია ჯარისკაცისთვის დახოცილი ბავშვების ხილვა. არ არის ეს იოლი. ვიღაცას ჰგონია, რომ რადგან ადამიანი იბრძვის და ომშია, ის ყველაფრის ამტანია. ასე მარტივადაც არ არის საქმე“ – ამბობს ნიკა ჭურაძე.
ქართველი მებრძოლი იხსენებს ერთ-ერთ ოპერაციას, როდესაც დასახლებულ პუნქტში დანაღმული სახლებში მოუწია შესვლა. ნიკა ჭურაძე ჰყვება, რომ რუსი სამხედროები ბავშვების სათამაშოებსაც კი ნაღმავენ.
„რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში შევედით, რომელიც მათ მიერ იყო აღებული. ისინი ყველაფერს ნაღმავენ – პირადი მოხმარების ნივთებს, სათამაშოებს… ყველაფერს, რაც ვერ მიაქვთ“ – ჰყვება ქართველი მოხალისე.
ის ამბობს, რომ ყოველი დავალების წინ მებრძოლები საფრთხეს აცნობიერებენ და იციან, რომ შესაძლოა უკან ვეღარ დაბრუნდნენ.
„აქ ყოველ დავალებაზე გიწევს სიცოცხლის გარისკვა. იქნება ეს ინფორმაციის მიღება, მტერთან მიახლოება, ზურგში შესვლა, გამოსვლა. ობიექტების დანაღმვა, აფეთქება, შეტევის დაწყება და შემდეგ გარედან დახმარების მიღება თუ სხვა. ბევრი ფუნქცია გვაკისრია და ერთად ვასრულებთ. როცა ოპერაციაზე გავდივართ, ყველა ვაცნობიერებთ, სად მივდივართ და რა სახის ზიანი შეიძლება მოგვაყენონ. ჩვენ ხომ სუპერგმირები არ ვართ, ეს ხომ ფილმი არ არის…“ – ამბობს ნიკა ჭურაძე.
ქართველი მოხალისე იხსენებს შემთხვევას, როდესაც მოწინააღმდეგემ მისი თანამებრძოლები დუელში გამოიწვია.
„ჩვენ გვყავს უმაგრესი ბიჭები. ცოტა ხნის წინ ძალიან მაგარი გასვლა ჩაატარეს. სნაიპერებმა იმუშავეს ძალიან კარგად. მოწინააღმდეგემ შემოგვითვალა, რომ ჩვენებს დუელში იწვევდნენ. უკრაინულმა მხარემ გვითხრა, რომ მტერი გაცილებით მეტი იყო, თუმცა ბიჭებმა მიიღეს ეს გამოწვევა. წავიდნენ და გამარჯვებულები დაბრუნდნენ“ – ჰყვება ქართველი მებრძოლი.
ნიკა საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს. ამბობს, რომ უკრაინაში საბოლოო გამარჯვებამდე დარჩება.
„არცერთი კუთხე არ უნდა დაუტოვოს უკრაინამ რუსეთს, ყველა ტერიტორია უნდა დაიბრუნოს. რუსეთს საქართველოსთვისაც მოუწევს ტერიტორიების დაბრუნება. რუსეთის უძლეველობის მითი უკვე დაიმსხვრა და ის აუცილებლად გადაიხდის ფასს იმ ბოროტებისთვის, რასაც აკეთებს. ჩვენ აქ გამარჯვებამდე ვიქნებით. გამარჯვება კი გარდაუვალია. ნამდვილად იგრძნობა გამარჯვების და ზეიმის სუნი. მალე დადგება ეს ეტაპი“ – უთხრა ქართველმა მებრძოლმა „ევრონიუს ჯორჯიას“.
ნანუკა მეშველაშვილი