მთავარისაქართველოსაქართველოში ყველაზე მეტი უმუშევარი 20-დან 24 წლამდე ახალგაზრდაა - საქსტატის ახალი მონაცემები

საქართველოში ყველაზე მეტი უმუშევარი 20-დან 24 წლამდე ახალგაზრდაა – საქსტატის ახალი მონაცემები

​ანა ზარანდია სტუდენტია. ამბობს, რომ უკვე ხუთი თვეა დასაქმებას ცდილობს, თუმცა დღემდე უმუშევარია. ის 21 წლისაა, მეოთხე კურსს ამთავრებს. საქსტატის ახალი მონაცემების თანახმად, საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 41%, სწორედ 20-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებშია.

„5 თვის განმავლობაში ბევრი შემოთავაზება მქონდა. იყო რთული გრაფიკი, დილიდან საღამომდე ან ღამის თევა მიწევდა და ამავე დროს ანაზღაურება ძალიან დაბალი იყო. ამის გამო უარის თქმა მიწევდა.  ყველა ახალგაზრდის სურვილია, რომ საკუთარი შემოსავალი ქონდეს. გამოცდილება არ მქონდა და ყველაზე მარტივად დავსაქმდი მაღაზიებში. კონსულტანტად, მოლარეც ვიყავი და გაუსაძლისი პირობები იყო. ამიტომ გადავწყვიტე, რომ წამოვსულიყავი“, – ამბობს ანა ზარანდია.

იმ ფაქტს, რომ უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 20-დან 24 წლამდე ახალგაზრდებშია, ეკონომიკის ექსპერტი, ბადრი რამიშვილი იმით ხსნის, რომ ამ ასაკში ქვეყნიდან სამუშაო რესურსის გადინება ყველაზე ნაკლებია.

„პირველ რიგში, კვალიფიკაციის პრობლემაა ამ ასაკობრივ კატეგორიაში. რაც უფრო იზრდება ასაკი, შრომითი რესურსის გადინებაც მით უფრო იზრდება, შესაბამისად, ესეც ამცირებს უმუშევრობის პროცენტულ მაჩვენებელს და გადინება ამ ასაკში შედარებით ყველაზე ნაკლებია. ასე თუ ისე, სწავლობენ, რაღაც იმედები აქვთ“,  – ამბობს ეკონომისტი ბადრი რამიშვილი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა. 2021 წელს ქვეყანაში უმუშევრობა 2020  წელთან შედარებით 2.1 %-ით  არის გაზრდილი და საერთო ჯამში 20.6%-ს შეადგენს.

„დასაქმებასთან დაკავშირებით გაცილებით მეტი სამუშაო უნდა გაწიოს მთავრობამ, იმიტომ, რომ ეს უკვე არამარტო ეკონომიკურ უსაფრთხოებას, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხად იქცა და საჭიროა არა ფრაგმენტული ღონისძიებები, მაგალითად, გააშენე საქართველოში, ან დანერგე საქართველოში, არამედ სისტემური მიდგომებია აუცილებელი“, – ამბობს ბადრი რამიშვილი.

საქსტატის მონაცემების თანახმად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 2021 წელს უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

უმუშევრობა საქართველოში 2018 წელს 19,2%, 2019 წელს 17,6%, ხოლო 2020 წელს 18,5% იყო.

გიორგი ბოლქვაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend