რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურორმა აზოვის ბატალიონის ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხვის მიზნით, უკვე მიმართა უზენაეს სასამართლოს.
მარიუპოლის მცველი ჯარისკაცები უკრაინის ზღვისპირა ქალაქის ქარხანას 78 დღის განმავლობაში ინარჩუნებდნენ.
დაუნდობელი და შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ, ახლა უკრაინისთვის მებრძოლები ოკუპანტების ხელში აღმოჩნდნენ და არავინ იცის რა ბედი ელით ტყვედ აყვანილ მეომრებს.
“მარიუპოლში აზოველი ნაციონალისტები და უკრაინელი ჯარისკაცები იარაღს ყრიან და ნებდებიან. 694 სამხედრო, მათ შორის 29 დაჭრილი გუშინ ჩაბარდა. 16 მაისის შემდეგ, საერთო ჯამში 959 უკრაინელი სამხედრო ავიყვანეთ ტყვედ, მათ შორის 80 დაჭრილი“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა იგორ კონაშენკოვმა.
უკრაინასა და დასავლურ სამყაროში მათ გმირებად მოიხსენებენ, რუსებისთვის კი საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლები – ნაცისტები არიან.
სწორედ ამიტომ, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში არ სურთ, რომ უკრაინელი მებრძოლები რუს ტყვეებზე გაცვალონ და მათ გასამართლებას ითხოვენ.
თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებებს რუსეთში დუმა არ იღებს. ახლა მათ ბედს უკრაინაში ომის შემოქმედი ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს.
“ნაცისტი ჯარისკაცების გაცვლა არ უნდა შედგეს. ეს უკრაინელი ჯარისკაცები სამხედრო დამნაშავეები არიან და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მათ სასამართლოს წინაშე აგონ პასუხი“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტის ხაზებზე კი ომი გრძელდება.
უკრაინის არმია მტრის ჯარისკაცებს წარმატებით იგერიებს. ბრიტანული დაზვერვაში კი ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებულ მსოფლიოს მეორე არმიას უკრაინაში სერიოზული პრობლემები აქვს.