მთავარისაქართველო16-22 მაისი გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულია

16-22 მაისი გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულია

როგორ უნდა გახდეს ქუჩები კიდევ უფრო უსაფრთხო? რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით და რა არის ამ გამოწვევების მოგვარების გზები?  ეს თემები განიხილეს დღეს, 18 მაისს ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გაეროს უსაფრთხოების გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ კონფერენციაზე. მათი თქმით, არსებული პრობლემების გადასაჭრელად ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.

“ასეულობით ადამიანს გადავარჩენთ, თუ სიჩქარე იქნება შემცირებული და სიჩქარის ლიმიტს გადახედავენ. აუცილებელია, შეიქმნას სასკოლო ზოლები, ეს ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს, უსაფრთხოდ გადაადგილდნენ  სკოლის ტერიტორიაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროაქტიულად ვიმოქმედოთ. ქულათა სისტემის ადმინისტრირება და ჭკვიან კამერებთან პირდაპირი ბმა არის მნიშვნელოვანი“, – ამბობს ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ საგზაო უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია კანონთა დახვეწა, რათა მოქალაქემ გაიაზროს, რომ კანონდარღვევას შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.

„ამ მიმართულებით ჩვენ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის გავამკაცრეთ პასუხისმგებლობა. იმ პირებისთვის, რომლებიც ასეთ მდგომარეობაში მართავენ ავტომანქანას, გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული პატიმრობაც. ასევე გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაგვეცვა“, – აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექციური დაავადებების შემდეგ ავტოკატასტროფები მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 450 ადამიანი იღუპება, 7700-ზე მეტი კი მძიმე ტრავმას იღებს.

გაეროს საგზაო უსაფრთხოება 2021-2030 წლების სამოქმედო გეგმაა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი 50% პროცენტით შემცირდეს.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend