მთავარიბრიუსელის ბიურორუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესებას კვლავ უნგრეთი ეწინააღმდეგება

რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესებას კვლავ უნგრეთი ეწინააღმდეგება

ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. უკვე  2 კვირა გავიდა, რაც ევროკომისიამ წარადგინა შეთავაზება, რომლის მიხედვით, ეტაპობრივად უნდა განეცხადებინათ უარი რუსეთიდან ენერგორესურსების შესყიდვებზე.

თუმცა უნგრეთი ჯერ კიდევ არ ეთანხმება რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას. ბუდაპეშტი ითხოვს ახალ ინვესტიციებს და ინფრასტრუქტურის, მათ შორის ახალი მილსადენების, აშენებას, რათა ქვეყანამ  ზარალის ანაზღაურება შეძლოს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ამბობს, რომ ევროკომისიამ ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა შექმნა. მისი აზრით, ლეგიტიმურია უნგრეთისა და უნგრელი ხალხის მოლოდინი, რომ მოიძებნება გამოსავალი ინვესტიციებთან თუ ფასების ზრდის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით.  ეს კი გულისხმობს უნგრეთის ენერგოსექტორის სრულ მოდერნიზაციას, რომლის ღირებულება დაახლოებით 15 – 18 მილიარდი ევრო იქნება.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ გამოსავალი სწრაფად უნდა მოძებნონ. მისი აზრით, მხოლოდ ერთი ქვეყანა ხელს არ უნდა უშლიდეს ევროკავშირის გადაწყვეტილებას  ემბარგოს საკითხთან დაკავშირებით.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ ახლა მთელი გაერთიანება ერთ ქვეყანას მძევლად ჰყავს აყვანილი და არც კი ცდილობს კონსენსუსის მიღწევას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, უნგრეთთან ახლა ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ გაიგონ, რა თანხა და რამდენი დროა საჭირო პრობლემის მოსაგვარებლად. თუმცა მას მიაჩნია, რომ საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით ერთსულოვნება იგრძნობა.

ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ამბობს, რომ ერთი რამ ნათელია, ევროკავშირმა უარი უნდა თქვას რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტზე. ევროკავშირი აღარ უნდა იყოს რუსეთზე დამოკიდებული, რაც  ასე დაუცველებს ხდის მათ.

ევროკავშირის კიდევ 3 წევრი ქვეყანა, ბულგარეთი, ჩეხეთი და სლოვაკია, ასევე ითხოვს, რომ რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტი 2024 წლის შემდეგაც გაგრძელდეს, თუმცა თუკი უნგრეთი ემბარგოს დაწესებას დასთანხმდება, ისინიც შეუერთდებიან წარდგენილ შეთავაზებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend