“აზოვსტალის” ქარხანაში გამაგრებული უკრაინელი სამხედროების ნაწილი ევაკუირებულია.
უკრაინის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ქარხნიდან რამდენიმე ავტობუსით 260-ზე მეტი ჯარისკაცი გამოიყვანეს და რუსების მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აუცილებლად გაიმართება მოლაპარაკებები გაცვლასთან დაკავშირებით, რათა ევაკუირებული ჯარისკაცები სახლებში დაბრუნდნენ.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს, „წითელ ჯვარსა“ და გაეროს ცეცხლის შეწყვეტისა და ეკაკუაციის შესახებ გამართული მოლაპარაკებებისთვის.
პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ მას გმირები ცოცხლები სჭირდება. ეს პრინციპის ამბავიცაა. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ყველა ნორმალური ადამიანი ადეკვატურად გაიგებს მის სიტყვებს.
განადგურებულ მარიუპოლში აზოვსტალისთვის ბრძოლა უკრაინელთა წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. იმ მშვიდობიანი მოქალაქეების დიდი ნაწილი, რომლებიც ქარხნის ტერიტორიას აფარებდნენ თავს, ამ თვის დასაწყისში უკვე გამოიყვანეს ქარხნის თავშესაფრებიდან. ახლა კი მებრძოლები გამოჰყავთ. როგორც ჩანს, უკრაინული მხარე საბოლოოდ კარგავს კონტროლს ქალაქზე.
სამაგიეროდ, ჩრდილო აღმოსავლეთში უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევებზე გადადიან რუსული ძალების წინააღმდეგ. მათ უკვე დაახევინეს უკან ქალაქ ხარკივიდან და რუსეთის საზღვრამდეც კი მიაღწიეს.
ამავდროულად, რუსეთი განაგრძობს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის -დონბასის რეგიონის დაბომბვას. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ქალაქ ლვივზე სარაკეტო იერიშების შესახებ. თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ აფეთქებების ხმა ესმოდათ, თუმცა ზარალის შესახებ ჯერჯერობით არაფერს აცხადებენ.