დღეს 17 მაისია – ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
ეს დღე ლგბტქ თემის წევრებისთვის ბევრ მძიმე გამოცდილებასთან ასოცირდება. სწორედ ამის შესახებ იყო საუბარი დღევანდელ დისკუსიაში – დისკრიმინაცია, ჩაგვრა, გამოხატვისა და შეკრების უფლების შეზღუდვა.
„17 მაისი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა. 2013 წლიდან ეს დღე იქცა ბრძოლის ველად კონკრეტული ჯგუფისათვის. მათთვის, ვისთვისაც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება შეზღუდულია“, – ამბობს „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორი ანა სუბელიანი.
დისკუსიას ესწრებოდნენ ლგბტქ საზოგადოების წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქტივისტები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და პოლიტიკოსები.
„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ლგბტქ თემის წარმომადგენლებისათვის, ვინაიდან ამ დღეს კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ ადამიანთა იმ ფუნდამენტურ უფლებებზე, რომლებიც ამ თემის წარმომადგენელთა შემთხვევაში ირღვევა ხოლმე“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასიმ.
მომხსენებლებმა ისაუბრეს 5 ივლისის მოვლენების შესახებაც, როდესაც ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ ლგბტქ თემის წევრებსა და ჟურნალისტებს.
„საკმაოდ მძიმე იყო შარშან განვითარებული მოვლენები, როდესაც ხელისუფლებამ არათუ ვერ აღკვეთა, არამედ ამ განცხადებებმა წაახალისა კიდევ მოძალადე ჯგუფები. სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე ვერ ვხედავთ ხელისუფლებას გაეტარებინოს შესაბამისი ღონისძიებები, იმ თავდასხმის ორგანიზატორთა პასუხისგებაში მისაცემად“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
დისკუსიის ფარგლებში დღევანდელი დღის ორგანიზატორებმა ისაუბრეს იმ სამომავლო პერსპექტივებზე, რომლებიც სექსუალურ უმცირესობებს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.
„დღევანდელი დღის აღნიშვნა წესით საჯარო სივრცეში უნდა შეგვეძლოს, რათა გაცილებით მეტმა დაგვინახოს, რომ ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ამით შევამცირებდით სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს, დისკრიმინაციას სამუშაო ადგილას, ოჯახში..“, – ამბობს ნინო თანასწორობა 17-ის დირექტორი ბოლქვაძე.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით, მოსახლეობის დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ უფრო ტოლერანტული გახდა, ლგბტქი თემის წევრებს კვლავ არაერთ გამოწვევასთან და სირთულესთან გამკლავება უწევთ.
ნინი დვალიშვილი