„უკრაინას ამ ომში გამარჯვება შეუძლია. უკრაინელი ერი მამაცია და სამშობლოს იცავს“ – ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ბერლინში, ალიანსის წევრი 30 სახელმწიფოსა და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
ნატოს წევრი და მოკავშირე სახელმწიფოები უკრაინისათვის სამხედრო დახმარებასა და ალიანსის რიგებში ახალი წევრების მიღების შესახებ სასაუბროდ შეიკრიბნენ.
19 მაისს დაგეგმილია ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა ბრიუსელში.
უკრაინელმა ჯარისკაცებმა კი აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე, ხარკივის მიმართულებაზე სახელმწიფო საზღვარს მიაღწიეს, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქზე რუსული შტურმი მარცხით დასრულდა.
უკრაინის არმიის ყველაზე კარგად შეიარაღებული სამხედრო შენაერთები სწორედ აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე, დონბასში იბრძვიან.
„ბატონო პრეზიდენტო, უკრაინული არმიის მთავარსარდალო, გიპატაკებთ რომ დღეს, 15 მაისს, ტერიტორიული თავდაცვის 127 – ე ბრიგადის 227 – ე ბატალიონმა ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რუსეთის ფედერაციასთან საზღვარს მიაღწია. ჩვენ აქ ვართ, ჩვენი საზღვარი აღდგენილია, ჩვენი დროშა აღმართულია“, – უკრაინის არმიის მიმართვა პრეზიდენტ ზელენსკის.
ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამბობს, რომ რუსული არმია გამოფიტულია.
“ოკუპანტებს არ სურთ აღიარონ, რომ ცუდ ვითარებაში იმყოფებიან, არ სურთ აღიარონ, რომ მათმა ეგრეთ წოდებულმა სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ მარცხი განიცადა. მოვა დრო, როდესაც უკრაინელი ხალხი დამპყრობელს მარცხის აღიარებას აიძულებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სტამბოლში კი ქარხანა “აზოვსტალში” ალყაში მოქცეული უკრაინელი სამხედროების დახმარების მოთხოვნით შეკრება გაიმართა.
მოქალაქეები სახელმწიფოს პრეზიდენტს პროცესში ჩართვას სთხოვენ.