მთავარისაქართველონიკა გვარამია სასამართლოდან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

ნიკა გვარამია სასამართლოდან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.

მოსამართლემ დღეს, 16 მაისს გამოცხადებული განაჩენით ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

ბრალდებები, რომლებიც ნიკა გვარამიას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წარუდგინა ეხება პერიოდს, როდესაც ის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი იყო.

ნიკა გვარამია გამართლდა წარდგენილი ბრალდებების ერთ ნაწილში, რაც ეხებოდა ყალბი დოკუმენტების დამზადებას, კომერციულ მოსყიდვასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.

დაჯარიმდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანხების გაფლანგვის საკითხზე.

პატიმრობა კი მიესაჯა ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის გამო, რომლის თანახმადაც, ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდა 76 ათას ევროს ღირებულების ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო შპს „პროესკო მედიას“ სახელზე.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულია. მათი თქმით, ხელისუფლებას მოუწევს პასუხი გასცეს დასავლელ პარტნიორებს.

მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ჩადენილ დანაშაულზე პასუხი ყველამ უნდა აგოს.

“ნიკა გვარამიას მიესაჯა კონკრეტული მტკიცებულებებიდან გამომდინარე. სასამართლომ და მოსამართლემ მიიჩნია, რომ ის არის დამნაშავე და მას მიესაჯა სწორედ ამის გამო. თუ ვინმეს განსხვავებული მტკიცებულება აქვს, სამი ინსტანციის შემდეგ საერთაშორისო პლატფორმაზე დაამტკიცონ”, – განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ზარქუამ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია სასამართლო სხდომის დარბაზშივე დააპატიმრეს.

პენიტენციურმა სამსახურმა ის თბილისის საქალაქო სასამართლოდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანა.

მარიამ ქუხილავა

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend