მთავარისაქართველოხორბლის მარაგი და პურის ფასი

ხორბლის მარაგი და პურის ფასი

ხორბლის მარაგის ამოწურვისა და არათანაბარი კონკურენციის პირობების გამო, შესაძლოა ქვეყანაში წისქვილ-კომბინატები გაჩერდეს, ასობით დასაქმებული უმუშევარი დარჩეს და პურზე ფასიც გაიზარდოს. ასეთია დარგის სპეციალისტების შეფასება და პროგნოზი.

მთავარ პრობლემად ფქვილსა და ხორბალზე საბაჟო გადასახადის არაკონკურენტულ სხვაობას მიიჩნევენ.

ფქვილზე ბაჟი მოხსნილია, ტონა ხორბალზე კი 120 ამერიკული დოლარია დაწესებული. რაც განსხვავებულ პირობებში აყენებს ფქვილისა და ხორბლის შემომტან თუ გადამამუშავებელ კომპანიებს.

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ განმარტებით, პურზე დეფიციტი არ იქნება, თუმცა არსებული გამოწვევა ფასზე შესაძლოა აისახოს.

„ახლა ფქვილი მომატებული ფასებით შემოდის. რომ ნახეს ხორბალი არ არის , იმპორტიორებმა ფქვილზე ფასები გაზარდეს.  ეს ძალიან ცუდია პურის მცხობელისთვის. ზუსტად ვერ განსაზღვრავ ფასს. მაისის თვეში ვაცხადებდი, რომ შესაძლებელია პურის ფასი გაძვირდეს 20 თეთრით. ნამდვილად შეიცვალა პურის ფასი, მაგრამ 10 თეთრით. ამ ეტაპზე თვის ბოლომდე ფასის მომატებას არ ველოდებით.ახლა ვიმყოფებით ხორბლის აღების წინა პერიოდში. როდესაც ხორბალი მოდის ქვეყნები და კომპანიები ძველი ხორბლისგან თავისუფლდებიან. ამ დროს ადგილი აქვს ფასების კლებას, თუმცა დღევანდელ მსოფლიოში ფასების კლებას კი არა ხორბლის ღირებულება პირიქით 400 დოლარს გადასცდა. მოსახლეობა მინდა დავაწყნარო, რომ უპურობა არ გვექნება“,- აცხადებს „პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე.

იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ფქვილის ორთვიანი მარაგია, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში“ ამბობენ, რომ შესაძლოა ხორბლის დეფიციტი, პურზე ფასის ცვლილებაში გამოიხატოს.

„მთლიანობაში ქვეყანაში გვინდა, იყოს სწორი კონკურენციის პირობები ხორბლის იმპორტს, გადამუშავებას და ფქვილის იმპორტს შორის. ამ შემთხვევაში იმუშავებს წისქვილკომბინატი. კონკურენტულ ფასად იქნება ფქვილი პურის ქარხნებისთვის. შესაბამისად, ბაზარზე სტაბილურობა იქნება.ერთნაირი კონკურენციის პირობებში, ადგილობრივ წისქვილ -კომბნატებს შეუძლიათ 90%-ით იმუშაონ. სწორედ ეს არის თანაბარი პირობები და სხვა არაფერი. სხვა შემთხვევაში ფასები ვერ დასტაბილურდება და პროგნოზის გაკეთებაც გართულდება“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.

ხორბლის მარაგის ამოწურვას დიდ საფრთხედ არ მიიჩნევენ საქართველოს მთავრობაში. ეკონომიკური გუნდის მინისტრების განცხადებით, მთავარია ფქვილის სტაბილური მარაგი, რაც პურზე ფასისა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

“პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის, თუ გარემო ფაქტორები შეიცვლება, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა, ამ გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელ ვითარებაში ამას არ აქვს წინაპირობა.

ჩვენთვის მთავარია მოსახლეობისთვის იყოს პურის ხელმისაწვდომობა და ასევე იყოს ხელმისაწვდომი ფასები. ფასის გაზრდა არ არის მთავრობის ინტერესში და არ არის საზოგადოების ინტერესში, ამიტომ ხელოვნური ბარიერების შექმნა ფქვილის იმპორტის შემთხვევაში მიუღებელია. მთავარია, ჩვენ გვქონდეს დეტალური მონიტორინგი იმისა, რომ მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა და ეს ასეც იქნება, ამაზე პასუხისმგებლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს და ვფიქრობ, რომ კარგად ართმევენ თავს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ხორბლის პროდუქტების მწარმოებლები სახელმწიფოსგან სამართლიანი კონკურენციის დანერგვას ითხოვენ. ხელისუფლება კი აქცენტებს, ფქვილის მარაგის სტაბილურობასა და პურზე არსებული ფასის შენარჩუნებაზე აკეთებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend