მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია. შეხვედრაზე 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები უკვე ჩავიდნენ.

„ეს არის ის, რითიც დაგვიმახსოვრებენ – ჩვენ ან ვიქნებით კავშირი, რომელიც სათანადო პასუხს გასცემს რუსეთს, ან ვიქნებით კავშირი, რომელმაც ვერაფერი შეძლო“, –  განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მინისტერიალს არ ესწრებიან, თუმცა ბრიუსელში იმყოფებიან ქართველი მაღალჩინოსნებიც.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან მართავს, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან.

საუბარი შეეხება ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს, საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარს და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.

ბრიუსელში დღეს, 16 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ,ი ირაკლი ღარიბაშვილიც ჩავიდა, იქ მას, მისი თქმით, მაღალი დონის შეხვედრები ექნება.

„მთავარი თემები იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ისევე, როგორც რეგიონში არსებული რთული და მძიმე უსაფრთხოების გარემო. მივაწვდით ინფორმაციას კითხვართან, ჩვენს განაცხადთან დაკავშირებით და ვისაუბრებთ მოლოდინებზეც. ბუნებრივია, ეს შეხვედრები უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რომელიც საჭირო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, – თქვა საქართველოს ელჩმა ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილმა.

„დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვადაზე ადრე დავამთავრეთ კითხვართან დაკავშირებით მუშაობა. ასევე მექნება შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. ასე რომ, ამ შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გავაცნობთ“, – აღნიშნა გამგზავრებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში წევრობის განაცხადზე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმაც ისაუბრა. ბორელმა თქვა, რომ წინასწარ ვერ ისაუბრებს, როგორი იქნება ევროკომისიის დასკვნა.

„წინასწარ არ შემიძლია, გითხრათ, რა იქნება ევროკომისიის დასკვნა, მაგრამ მასზე იმაზე ბევრად სწრაფად ვმუშაობთ, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend