მთავარისაქართველოახალგაზრდული ეკოპროექტები საქართველოს რეგიონებში

ახალგაზრდული ეკოპროექტები საქართველოს რეგიონებში

ახალგაზრდები ეკოლოგიური და სოციალური საწარმოების იდეებზე მსჯელობენ

მდინარეების დასუფთავება, კამპანიები გარემოს დასაცავად, ნარჩენების გადამუშავების პრობლემა და სოციალური საწარმოები – ეს იმ საქმიანობების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ქართველი ახალგაზრდების არასამთავრობო ორგანიზაცია “სენი” ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს.

პროექტში ჩართული ახალგაზრდები დღეს, 16 მაისს თბილისში შეიკრიბნენ და საკუთარ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

„მე პანკისიდან ვარ, პროექტის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობებში ჩავერთე, ახლა გარემოს დაცვით კამპანიას ვხელმძღვანელობ, რომლის ფარგლებში გარემოს დასუფთავების აქცია გავაკეთეთ“, – ამბობს პროექტის მონაწილე გიორგი აბრამიშვილი. 

„ახმეტის ცოდნის “ჰაბში” დავგეგმეთ პროექტი წყლის და მდინარეების დაცვის შესახებ. ამის შემდეგ, უფრო აქტიურად ჩავერთე სხვადსხვა პროექტში. ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ახალგაზრდებს საშუალება მიეცეს საკუთარი იდეები განსახორციელებლად“,- მიიჩნევს პროექტის მონაწილე თემო ბელდიაშვილი

„ჩემი პროექტი ეხებოდა იმას, თუ როგორ შეიძლება თითოეულმა ადამიანმა გარდაქმნას და გადაამუშაოს ნარჩენები და ნაკლებად დავაბინძუროთ გარემო. ამის შემდეგ უფრო აქტიურად ჩავერთე CENN-ის პროექტებში. ეს კარგი საშუალებაა არაფორმალური განათლებით გამოცდილება მიიღო“, – მიიჩნევს პროექტის მონაწილე სალომე სირბილაძე.

CENN – ი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელია, რომლის მთავარი მიზანი საზოგადოების ჩართულობით კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაა.

კონფერენციაზე, რომელიც პროექტის  “საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში ჩატარდა, ისაუბრეს ახალგაზრდების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. რამდენად არიან ისინი ჩართულნი ახალგაზრდულ პოლიტიკაში, მეწარმეობასა და სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში.

„ახალგაზრდები არიან ისინი, ვინც დღეს ცვლიან ცხოვრებას და არა მომავალში. ჩვენთვისაც ახალგაზრდები საზოგადოების პროგრესულ ნაწილად ითვლება, მათ საზოგადოების მოდერნიზაცია უნდა გააკეთონ და ევროპული ღირებულებები უნდა შემოიტანონ განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენი პროექტი მუშაობს სამ მუნიციპალიტეტში ესენი შედარებით მოწყვლადი მუნიციპალიტეტებია, ეს არის: ახმეტა, ნინოწმინდა და გორი. ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა მუნიციპალიტეტები ავირჩიეთ, რადგან აქ შედარებით მოწყვლადი ჯგუფები ცხოვრობენ, იქნება ეს ეთნიკური უმცირესობები თუ სხვა”- ამბობს ორგანიზაცია CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია.

ევროკომისიის გადაწყვეტილებით 2022 წელი ახალგაზრდების ევროპულ წლად გამოცხადდა, როგორც პროექტის წარმომადგენელები ამბობენ, ამ გადაწყვეტილებით მათ სურთ, რომ საზოგადოებამ მეტი გაიგოს თუ რა გამოწვევებს აწყდებიან ახალგაზრდები და როგორ შეიძლება მათი მხარდაჭერა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია იმ კონფერენციაში მონაწილეობა, რომლის მთავარი სასაუბრო თემაც საქართველოში ახალგაზრდების გამოწვევები და შესაძლებლობებია. ეს წელი ახალგაზრდობის ევროპულ წლად არის გამოცხადებული და ღონისძიებაც ამას უკავშირდება. ჩვენ დღეს გამოწვევებზე ვისაუბრებთ, ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა: უმუშევრობის დონე საქართველოში, ეს დაახლოებით 30 პროცენტია და ასევე ვეცდებით, მიმოვიხილოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები“, – ამბობს ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსი კატალინ გერმანი.

კონფერენციაზე ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის პროგრამის ბენეფიციარებმა ერთმანეთს თავიანთი სოციალური საწარმოების დაფუძნების ისტორიები გაუზიარეს, ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და ახალ იდეებზე, რომლებიც გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.  

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend