მთავარიევროპაუკრაინაკიევში რუს სამხედროს ასამართლებენ

კიევში რუს სამხედროს ასამართლებენ

21 წლის სერჟანტს, ვადიმ შიშიმარინს უკრაინის 62 წლის მოქალაქის თავში დამიზნებით მოკვლა ედება ბრალად

უკრაინის დედაქალაქში რუსი სამხედროს სასამართლო პროცესი დაიწყო.

21 წლის რუს ჯარისკაცს, რომელიც სატანკო შენაერთის ჯარისკაცად მსახურობდა მშვიდობიანი მოქალაქის მიზანმიმართულად მოკვლა ედება ბრალად.

სერჟანტმა ვადიმ შიშიმარინმა უკრაინის 62 წლის მოქალაქეს თავში დამიზნებით ესროლა, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

რუსი სამხედროს ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ უკრაინის პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მყარია.

”მიმაჩნია, რომ სამხილები მყარია, მაგრამ მტკიცებულებათა წარდგენის შესაბამისი კრიტერიუმები არსებობს, ეს სასამართლოზეა დამოკიდებული, ზოგ მტკიცებულებას მოსამართლეები სათანადოდ ჩათვლიან, ზოგს კი არა. მოვლენათა განვითარების ორი შესაძლო სცენარია: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ან აღიარებს ჩადენილ დანაშაულს ან არა, მეორე შემთხვევაში ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ, საჭიროა დაკავებულთან სტრატეგიის შეთანხმება”, –  მიიჩნევს რუსი სამხედროს ადვოკატი ვიქტორ ოვსიანიკოვი.

უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა აცხადებს, რომ რუსმა სამხედრომ 62 წლის მოქალაქეს უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებიდან მეოთხე დღეს ესროლა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი კი უკრაინისათვის კიდევ უფრო მეტი დახმარების გაწევის აუცილებლობაზე საუბრობს.

ლიზ თრასის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოსკოვზე ზეწოლის შენარჩუნება, უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდება და კრემლისათვის მეტი სანქციების დაწესება.

”ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია, საჭიროა კიევისთვის მეტი იარაღის მიწოდება და მეტი სანქცია. დიდი შვიდეულის სახელმწიფოთა ერთიანობა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ თანამშრომლობა უნდა გავაგრძელოთ” – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ თრასიმ.

ევროკავშირი კი კიევს დამატებით 500 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

ეს თანხა რუსულ არმიასთან ბრძოლაში შეიარაღების შესყიდვას მოხმარდება.

”მეტი დახმარება უკრაინას, მათ შორის სამხედრო დახმარება. ევროკავშირი უკრაინას კიდევ 500 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას გაუწევს”, – აცხადებს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი.

რუსული არმია დონბასში შეტევას განაგრძობს. უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტები ჩრდილოეთ დონბასში ორი დასახლების დაპყრობას ცდილობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend