მთავარისაქართველოვინ აბარებს მაკულატურას?

ვინ აბარებს მაკულატურას?

1 ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხის გადარჩენას ნიშნავს

ნარჩენების მართვის ასოციაციის თანახმად, საქართველოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების 99 პროცენტი ნაგავსაყრელზე ხვდება.

სპეციალისტები მუდმივად აღნიშნავენ, რომ ეს გაუმართლებელია როგორც ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით.

ნარჩენების დახარისხებას და გადამუშავებას დღეს მსოფლიოში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მაკულატურა ნარჩენების ერთ-ერთი სახეა. მისი გადამუშავება, ტყის გაჩეხვასაც შეამცირებს, რადგან 1 ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხის გადარჩენას ნიშნავს. საქართველოში ქაღალდის ნარჩენებს უფრო მეტად ახარისხებენ ვიდრე სხვას.

ნინი უკვე წლებია მაკულატურას ნაგავში არ ყრის და ცალკე აგროვებს. ნარჩენების გადახარისხებას ნინის დედამ ასწავლა, როდესაც სახლში დაგროვებული ძველი სასკოლო წიგნები, რვეულები, გაზეთები და ჟურნალები არ გადაყარეს და მაკულატურის ჩაბარების პუნქტში მიიტანეს. ნინის გამოყენებული ქაღალდის გადახარისხება უკვე ჩვევად ექცა. ის მაკულატურას 6 თვეში ერთხელ აბარებს.

„დედაჩემმა ისეთი პროპაგანდა დაიწყო, რომ გადახარისხება უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა ჩემთვისაც და ჩემი მეგობრებისთვისაც. რომ იციან, რომ მაკულატურას ვაბარებ, თვითონაც აგროვებენ ამ ყველაფერს და მერე სიხარულით მოაქვთ ხოლმე ჩემთან ან დედაჩემთან, რომ წავიღო და ჩავაბარო. არ მგონია, რომ ეს რთულია. უბრალოდ მიჩვევის ამბავია. ერთხელ მაღაზიიდან რომ გამოხვალ, ურნასთან მიხვალ და მიხვდები, რომ ეს კონკრეტული ქაღალდის ნაწარმი შეგიძლია, გადაყრის ნაცვლად შეინახო, შემდგომ უკვე ჩვევაში გადაგდის. ამით მარტივად შეგვიძლია, რომ მეორეული ქაღალდის წარმოებას შევუწყოთ ხელი. ასევე ნაკლებად დავაბინძურებთ ისედაც უკვე ძალიან დაბინძურებულ გარემოს და გადავარჩენთ იმ ხეებს, რომლებიც რეალურად ამ ქაღალდისთვის იჭრება“, – ამბობს ნინი ინასარიძე.

პროექტ „მაკულიტერატურის“ საწყობში მიტანილ მაკულატურას  ახარისხებენ და გადასამუშავებლად მიაქვთ. ხეების გადარჩენა და ნედლეულის მეორეულად გამოყენება არის პროექტ „მაკულიტერატურის“ მიზანიც. აქ მოსახლეობა თუ კომპანიები მაკულატურას 2012 წლიდან აბარებენ.

პროექტის ფარგლებში მაკულატურის ჩაბარების სანაცვლოდ ახალი წიგნის შეძენაა შესაძლებელი. მაკულატურის ჩაბარებისას კი მომხმარებელს სპეციალურ ბარათზე ჩაბარებული მაკულატურის წონის შესაბამისი ე.წ. ”ნერგი” ქულები უგროვდება: 1კგ-ზე 1-ნერგი ქულა, რომლითაც ახალი წიგნის შეძენაა შესაძლებელი.

„სახლებში, ბიბლიოთეკებში, ორგანიზაციებში უამრავი წიგნი, ჟურნალი თუ ქაღალდი გროვდება. მათი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ტყე გაჩეხისგან დავიცვათ. 1 ტონა მაკულატურის გადამუშავებით 17 ხეს გადავარჩენთ. ეს სოციალური პროექტია და ეს პასუხისმგებლობა უკვე გააზრებული აქვს მომხმარებელსაც. შესაბამისად, გვყავს ისეთი მომხმარებელი, რომელიც ყოველდღიურად დადის ჩვენთან. დაახლოებით თვეში 20-ჯერ უწევთ ხოლმე მოსვლა. ასეთი 150 მომხმარებელი გვყავს”, – ამბობს პროექტ „მაკულიტერატურის“ მენეჯერი, დეა ნარიმანიძე.

ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გულიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში გადამუშავებისთვის საკმარისი ინფრასტრუქტურა და გამართული სისტემა არ არსებობს და ეს პროცესი ძირითადად კეთილსინდისიერ კომპანიებსა თუ პიროვნებებზეა დამოკიდებული

„ბიზნესებმა, რომლებსაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აქვთ, უკვე დაიწყეს ქაღალდის ცალკე შეგროვება და მას გადამამუშავებელ პუნქტებს აწვდიან. ეს ინიციატივები ძალიან კარგია. თუმცა ეს საკმარისი არ არის იმიტომ, რომ ამ ნედლეულის ძირითადი რაოდენობა მოსახლეობაში გროვდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ისეთი სისტემა დაინერგოს, რომელიც მოსახლეობას მისცემს საშუალებას, რომ ეს ნედლეული ჩააბაროს“, – ამბობს ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გულიაშვილი.

ნარჩენების მართვის ასოციაციის თანახმად, საქართველოში ნარჩენების 99 პროცენტი ნაგავსაყრელზე ხვდება, რაც განიავებული რესურსია. ნინი ინასარიძის მსგავსად, დღეს უკვე არაერთი ახალგაზრდა აგროვებს გამოყენებულ რვეულებსა თუ ჟურნალებს და მაკულატურის პუნქტებში აბარებს. მაგრამ, სანამ ნარჩენების დახარისხება საზოგადოების ცხოვრების წესად არ იქცევა, შედეგის დანახვა ალბათ იოლი არ იქნება.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend