უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც ახლა მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, მოხალისეებს ავტობუსებითა და ავტომანქანებით საბრძოლო მოქმედებების ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გამოჰყავთ.
ადამიანების უმეტესობას სახლ-კარი აღარ აქვს. შიში, მწუხარება, სტრესი, ბრაზი – ეს იმ ემოციების ნაზავია, რომლებსაც ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უმეტესობა განიცდის.
მოხალისეებმა ავტობუსებითა და ავტომანქანებით ასზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის იმ ქალაქებიდან და დასახლებებიდან, რომლებზეც თავდასხმები კვლავ გრძელდება. მოხუცებული ქალები, რომელთა სახლები დაბომბვის შედეგად განადგურდა, ჰყვებიან, რომ რუსი სამხედროები განუწყვეტლივ ბომბავდნენ მათ დასახლებას, ნოვოსელივკას. ისინი ფიქრობენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დარჩენის შემთხვევაში უფრო მეტი სისხლის ღვრა იყო მოსალოდნელი.
რეგიონში უმძიმესი ვითარება იყო. სახლები, ფაქტობრივად, განადგურებულია, ფანჯრები ჩამსხვრეულია, კედლები კი – ჩამონგრეული. ერთ-ერთ სახლს 3 რაკეტა მოხვდა და მიწასთან გაასწორა.
მაშველები და მოხალისეები დაზარალებულებს ურჩევდნენ, სწრაფად გასცლოდნენ იქაურობას იმისთვის, რომ გადარჩენილიყვნენ.
დევნილებს შორის არიან ის ადამიანები, რომელთაც ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ. ისინი ლიმანის, სივერსკისა და დონეცკის რეგიონის სხვადასხვა ადგილიდან დაბომბვის დროს გამოჰყავდათ. შეშინებული დევნილები ამბობენ, რომ რაკეტები იმ ადგილას ცვიოდა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. მათ უჭირთ ამ ამბის გახსენება.
შიში, მწუხარება, სტრესი, ბრაზი – ეს იმ ემოციების ნაზავია, რომლებსაც ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უმეტესობა განიცდის.
ერთ-ერთი დევნილი დიმა მოლჩანი, რომელიც სივერსკიდან არის, ამბობს, რომ ომი საშინელებაა. ადამიანს შეუძლია, დაძლიოს შიმშილის გრძნობა, სიცივე და ბევრი სხვა რამ, თუმცა ძალიან რთულია ომისა და მისი შედეგების დაძლევა. ომის გამო ბევრმა ბავშვმა დაკარგა მომავალი, მოხუცებმა კი – წარსული.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, თებერვლიდან, როდესაც ომი დაიწყო, 7 მილიონ 700 ათასი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში, ხოლო 5 მილიონ 600 ათასმა პირმა უკრაინა დატოვა და მეზობელ თუ სხვა ქვეყნებს შეაფარა თავი.