მარიამი ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში გადავიდა საცხოვრებლად. სამსახური სახლიდან არც ისე შორსაა და იგი ძირითადად ფეხით მიდის ხოლმე.
„მაქვს იმის ბედნიერება, რომ ფეხით გადავაადგილდებოდე, ვინაიდან ყველაფერი ახლოსაა. თუმცა ფეხით მოძრაობა თბილისში ძალიან არაკომფორტულია, ვინაიდან ტროტუარისთვის შეზღუდული სივრცეა და ამასაც ძირითადად ავტომობილები იკავებენ. უამრავ ქუჩაზე ვაწყდები ამ პრობლემას. სამწუხაროა, რომ თბილისი ქვეითისთვის მეგობრული ქალაქი არაა“, – წუხს მარიამ ჩხეიძე.
თავის მხრივ, მოუწესრიგებელი პარკირების სისტემა მძღოლებსაც აწუხებთ. გიორგი დიღმელიშვილი სამი წელია, მანქანას მართავს. მისი თქმით, ქალაქში ძალიან ძნელია მანქანის გაჩერება და ზოგჯერ, გამოუვალ სიტუაციაში პარკირების წესებიც დაურღვევაც უწევს.
„პარკირების პრობლემა თითქმის ყველა უბანში მაქვს, განსაკუთრებით დედაქალაქის ცენტრში. ამ მხრივ ქალაქი კეთილმოწყობილი არ არის. თბილისი ამდენ მანქანას ვეღარ იტევს. ლამის ყოველდღე მაქვს ისეთი შემთხვევა, როცა მანქანის გაჩერება დანიშნულების ადგილიდან ერთი კილომეტრის რადიუსზე მიწევს“, – ამბობს გიორგი დიღმელაშვილი.
თბილისის მერია აქტიურად მუშაობს პარკირების სისტემის მოწესრიგებაზე. გასულ წელს თბილისის ცენტრალურ უბნებში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა. ამ სისტემის მიხედვით, ცენტრალურ უბნებში პარკირების საფასური საათობრივად იზრდება. მძღოლს გადახდა აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია.
თბილისში პარკირების სისტემის მოსაგვარებლად, პარლამენტში უმრავლესობის წევრებმა, ჯარიმების გამკაცრების მოთხოვნით ინიციატივა წარადგინეს. ამ ინიციტივის თანახმად, ავტომობილის ტროტუარზე გაჩერების შემთხვევაში, პოლიცია ვალდებული იქნება ავტომობილი ევაკუციისთვის გამოყოფილ სივრცეში გადაიყვანოს. სხვა სახის დარღვევებზე კი ჯარიმა 50-დან 100 ლარამდე გაიზრდება.
„ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის გაუმჯობესების გარდა აუცილებელია საპარკინგე ადგილებზე დგომის დარეგულირება. აქამდე დარღვევაზე 10 ლარიანი ჯარიმა იყო განსაზღვრული. იგი 50 ლარამდე გაიზრდება. ამის მიზანია, რომ გზა გათავისუფლებული იყოს ფეხით მოსიარულეებისათვის. ვიცით, რომ ხშირადაა შემთხვევები, როცა მძღოლები ტრუტუარზე, შშმ ან ტაქსების ადგილას აჩერებენ ავტომობილებს“, – აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე.
საკანონმდებლო ინიციატივას, ქალაქში პარკირების სისტემა მოწესრიგდეს, მხარს უჭერს ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.
„მივესალმები მერიის გადაწყვეტილებას, რომ მოაწესრიგოს პარკირების პრობლემა. თუმცა ეს ვერ იქნება ხისტად და ერთჯერადად ჩატარებული ოპერაცია. ვინაიდან ისმის, სად წავიდეს ამდენი ავტომობილი.“
თუმცა, ურბანისტებს მიაჩნიათ, რომ ჯარიმების გაძვირება ვითარებას ვერ გამოასწორებს, რადგან მათი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქალაქის არასწორი დაგეგმარებაა. ქალაქში არ არის გათვალისწინებული ადგილები ავტომობილების გასაჩერებლად. ასევე, შენდება ახალი კორპუსები და უბნებს ახალმოსახლეთა ავტომობილებიც ემატება. ეს ვითარება პრობლემად რჩება თბილისის როგორც ახალ, ისე ძველ უბნებში.
„ბაგები შედარებით ახალი უბანია. მიუხედავად ამისა, დაგეგმარების მხრივ უამრავ პრობლემას ვაწყდებით. სხვა ისტორიული უბნების შემთხვევაში გამართლება ისაა, რომ ეს უბნები არ იყო დაპროექტებული საავტომობილო მოძრაობისათვის.“
დაგეგმარება ერთია და მეორე უშუალოდ მძღოლების პასუხუსმგებლობა. ურბანისტები მიიჩნევენ, რომ პრობლემის გადაჭრაში საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს, თუმცა მთავარი პასუხისმგებლობა ქალაქის შესაბამის უწყებებს ეკისრება.
მანამდე კი ვითარება სულ უფრო მძიმდება და ქალაქში მოძრაობაც და პარკირებაც შეუძლებელი ხდება.
ნინი დვალიშვილი