რუსული არმია ხარკივთან სამხედრო მარცხის შემდეგ კონტრშეტევის დაწყებას ცდილობს.
მშვიდობიანი მოსახლეობა ამჯერად დონბასის სოფლებიდან საკუთარ სახლებს ტოვებს.
დევნილთა ერთი ჯგუფით სავსე ავტობუსი შედარებით მშვიდ ადგილას მიემგზავრება. მათი სახლები რუსულმა არტილერიამ გაანადგურა. დევნილები ამბობენ, რომ ოკუპანტები ესვრიან განურჩევლად ყველას.
“მძიმე მდგომარეობაა, სახლები დაგვინგრიეს, იქ საშინელება ტრიალებს. ჩემი სახლი სულ დაინგრა, პირველად ფანჯრები დაზიანდა, შემდეგ ყუმბარა სახლს მოხვდა და ყველაფერი განადგურდა“, – იხსენებს დევნილი ლიდია ნიკოლაევნა.
დევნილებს შორის ბევრი ბავშვია. ბუჩას, ირპინის, მიკოლაევის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ რუსი სამხედროები ბავშვებსაც არ ინდობენ.
“ყველაფრის გადატანა შესაძლებელია, შიმშილის, სიცივის – მაგრამ ომს ძნელია გადაურჩე. ბავშვებს მომავალი წაართვეს, ხანდაზმულებს კი წარსული. ეს საშინელი ომია“, – ამბობს ტატიანა კრავსტოვა.
24 თებერვალს უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ, უკრაინის 7 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა მშობლიური სახლი, მათგან 5 მილიონზე მეტს კი სამშობლოს დატოვება მოუწია. მათ ჯერ კიდევ არ იციან, როდის დაუბრუნდებიან საკუთარ სახლებს.