მთავარისაქართველოგადაწყვეტილების მოლოდინში - მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელების პოლიტიკური განხილვები

გადაწყვეტილების მოლოდინში – მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელების პოლიტიკური განხილვები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.

ექიმები და მხარდამჭერები მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

იუსტიციის სამინისტროს თანხმობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს სამი მოთხოვნა აქვს – რის შემდეგაც კლინიკაში გადაყვანას დათანხმდება – მასთან მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ოჯახის წევრებს, პირად ექიმს, ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ “ემპათიადან“, ასევე ადვოკატებს და პარლამენტის წევრებს.

პოლიტიკურ წრეებში ბოლო დღეებია სწრაფად ცვლადი და განსხვავებული მოსაზრებები, შეთავაზებები და იდეები ისმის.

მაგალითად, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, რომ საზღვარგარეთ მკურნალობისთვის მათ ლიდერს თავდებში ჩაუდგებიან. პარტიაში იმასაც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნები კანონიერია და მის უფლებებში შედის.

„საუბარი არ არის მოთხოვნებზე, განმარტება ხდება იმ უფლებებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გააჩნია. მის მიერ ჩამოთვლილი მუხლები კანონით ენიჭება. ხელისუფლების მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი და მან კარგად იცის, რომ ხელისუფლებამ შეიძლება, პირობა დადოს და შემდეგ მოიტყუოს. ტყუილები „ქართული ოცნების“ თანმდევი ნაწილია. გადაწყვეტილებას კლინიკაში გადასვლაზე თავად მიხეილ სააკაშვილი მიიღებს. მისი დაკავების დღიდან მისი უფლებები ირღვევა. ვნახეთ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებიც. დღეს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება ერთ დეპუტატს აქვს. დეპუტატს შეუზღუდავი უფლება აქვს, რამდენსაც უნდა, იმდენი შევა საპატიმროში, მაგრამ ხელისუფლებამ დააწესა და ეს უფლება მიხეილ სააკაშვილს აუკრძალა. უკვე უფლებებზე საუბარი აღარ არის, როცა მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამების ფაქტებია დაფიქსირებული“, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

„ქართული ოცნებისთვის“ კი კომიკურია ის განცხადებები, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აკეთებენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, პატიმარი თვითდაზიანებაზე თავად არის პასუხისმგებელი, სასჯელაღსრულების დაწესებულებები კი პასუხისმგებელი არიან შესაბამის მომსახურებაზე, მათ შორის – სამედიცინო მომსახურებაზე.

„რაც შეეხება სპეკულაციებს, სიმულაციებსა და თვითდაზიანებებს, მათ წარმატება ვერ ექნებათ, რადგან ნებისმიერი პატიმარი იქნებოდა ასეთივე წარმატებული საკუთარ სიმულაციებში. ეს არც ერთმა უწყებამ არ უნდა დაუშვას. რაც შეეხება თავდებობას, თავდებში ვინ დგება? – მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა, დაახლოებით იგივეა. „ნაცმოძრაობა“ რომ სააკაშვილზე პასუხისმგებლობას იღებს, სასაცილოა. სააკაშვილი მათი ბელადია და ვინ ვისზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ეს ცალკე თემაა და ღიმილის მომგვრელია“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ პენიტენციურ სამსახურში მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები დაცულია. შეთავაზებული აქვს მკურნალობა. თუმცა, მესამე პრეზიდენტს პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები ხელს უშლიან მისთვის გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში.

იუსტიციის სამინისტრო სახალხო დამცველის აპარატს მოუწოდებს გაასაჯაროვოს კითხვები, რომელიც სამინისტრომ ომბუდსმენს მიწერა სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით. სამინისტროს მოწოდებას უპასუხეს სახალხო დამცველის აპარატაში.

„იქიდან გამომდინარე, რომ ამ კითხვებში რაიმე განსაკუთრებული ვერ ვნახეთ და იქიდან გამომდინარე, რომ მათ ეს კითხვები წარმოეშვათ და ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ კიდევ დამატებითი კითხვები წარმოიშვას, ჩვენ უფრო გახსნილ კარგ ფორმატს ვთავაზობთ, სადაც თუკი რაიმე დამაზუსტებელი იქნება, ჩვენ მზად ვართ, რომ ზეპირ ფორმატში, ჩვენი კვალიფიციურ ექიმებს ყველანაირი ინფორმაცია დეტალურად მიეწოდოთ. ეს ჩვენთვის ცოტა უჩვეულო ფორმა არის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ე.წ. კონსილიუმს არაერთი დასკვნა მოუმზადებია. აქამდე ამასთან დაკავშირებით კითხვების დასმა არ მომხდარა და ვერც ახლა ვხედავთ რამე განსაკუთრებულ გარემოებას, რის გამოც დამატებით მაინცდამაინც წერილობით კითხვებზეა საუბარი.

რაც შეეხება თავდებობას, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ამის შესაძლებლობას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. მე რამდენადაც ვიცი, მისჯილი პატიმრის მიმართ თავდებობასთან დაკავშირებით იურიდიული შესაძლებლობა არ არსებობს“,- განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ.

პროცესი გრძელდება. სრულფასოვან მკურნალობასთან დაკავშირებით, უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოო ჯამში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არა მარტო ის, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend