მთავარი ფოკუსი ციფრულ სკოლაში მომავალი ხუთი წლის განმავლობაში მილიონი ლტოლვილი მიიღებს განათლებას

ციფრულ სკოლაში მომავალი ხუთი წლის განმავლობაში მილიონი ლტოლვილი მიიღებს განათლებას

მსოფლიოში ლტოლვილი ბავშვების განათლების მხრივ კრიზისული მდგომარეობაა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ ლტოლვილი ბავშვების ნახევარი არ დადის სკოლაში და გლობალურ დონეზე მიმდინარე არეულობის ფონზე ეს მაჩვენებელი სულ უფრო იმატებს. არსებული ვითარების შეცვლისა და ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით, დუბაიში „მოჰამედ ბინ რაშიდის გლობალურმა ინიციატივამ“ ციფრულ სკოლას ჩაუყარა საფუძველი. ამ სკოლაში მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ერთი მილიონი ლტოლვილი  და ნაკლებად პრივილეგირებული ბავშვი ისწავლის.

მისი უმაღლესობა ომარ ბინ სულთან ალ ოლამა:

ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ეკონომიკისა და დისტანციური მუშაობის აპლიკაციების სახელმწიფო მინისტრი, ციფრული სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

„ციფრული სკოლა ჰუმანიტარული ინიციატივაა, რომელიც მისმა უმაღლესობამ შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა  წამოიწყო იმ ძალისხმევის ფარგლებში, რომელიც  ისეთი ბავშვების განათლებას ემსახურება, რომლებიც პანდემიის დროს ან პანდემიამდეც დაიჩაგრნენ. ჩვენ ამ ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალება ციფრულ ფორმატში უნდა მივცეთ. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიები  და უკვე ვნახეთ პანდემიის დროს, რომ ბევრ ქვეყანაში შესაძლებელია ჩვეულებრივი განათლების ციფრულ განათლებად გარდაქმნა. მაგრამ ადამიანების უმეტესობა არ კითხულობს, რა ბედი ეწევათ იმ ლტოლვილ ბავშვებს, რომლებსაც არავითარი განათლება არ მიუღიათ, ან იძულებით გადაადგილებულ  ბავშვებს, ან რთულად მისასვლელ სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს.

ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ვისწავლეთ და მივხვდით, რომ გარკვეულ ადგილებში განათლების მიწოდება გაცილებით ადვილია ციფრულ ფორმატში,  ვიდრე ტელეარხებით. პირველ რიგში, ხალხს ჯერ პირველადი განათლება უნდა მივცეთ და მერე შესაბამისი აპარატურის გამოყენება ვასწავლოთ, რათა ციფრულ სკოლაში შეძლონ სწავლა.“

ციფრული სკოლის საპილოტე ფაზა 2020 წელს,  პირველი ოფიციალური ფაზა კი წელს ხუთ ქვეყანაში დაიწყო, მათ შორისაა ეგვიპტე, იორდანია, ერაყი, მავრიტანია და კოლუმბია.

წელს ამ სკოლებში 20 ათასი მოწაფე უნდა შევიდეს. პირველ წელს გადაამზადებენ 500 მასწავლებელსაც. მომავლი 5 წლის განმავლობაში კი გლობალურ დონეზე ერთი მილიონი მოწაფე უნდა მიიღონ.

დოქტორი ვალედ ალ ალი, ციფრული სკოლის გენერალური მდივანი:

„კოორდინაცია თითოეული ქვეყნის ხელისუფლებასთან, მთავრობასთან  თანამშრომლობით დავიწყეთ, რათა ზუსტად განვსაზღვროთ ადგილები და მოწაფეები, დავიწყოთ თითოეულუ პუნქტის ლოგისტიკური საკითხების გათვლა და გავარკვიოთ, რამდენად სურთ, რომ ეს ადგილი ციფრული სკოლის რუკაზე დავიტანოთ. ჩვენ ადგილზე მასწავლებლებისა და ფასილიტატორების გადამზადებით ვიწყებთ, ვავრცელებთ ინფორმაციას სწავლის პროცესის მართვის სისტემისა და ახალი განათლების ნორმის შესახებ, რომელიც იქ უნდა დაინერგოს. ჯერჯერობით იმედისმომცემი შედეგი გვაქვს. მოწაფეები დიდ ინტერესს იჩენენ. მასწავლებლებს ყოველმხრივ ახალისებენ, რომ აქტიურად ჩაერთონ პროფესიული განვითარების პროგრამაში.

სხვადასხვა მთავრობასთან და ინსტიტუტთან შეთანხმებით მოგვარდა ისეთი სირთულეები, როგორებიცაა კავშირის დამყარება, რომლის წყალობითაც ადგილობრივი საკომუნიკაციო მიმწოდებელი კომპანიები უფასო ინტერნეტზე წვდომას უზრუნველყოფენ.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მონაცემების მიხედვით, ამჟამად მსოფლიოში  84 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია, ხოლო ლტოლვილთა რაოდენობა თითქმის 26 მილიონს აჭარბებს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც კი ოდესმე ყოფილა და აქედან ნახევარი 18 წლისაც არ არის.

თუ ამას უკრაინის მდგომარეობასაც დავამატებთ, ლტოლვილთა საერთო რაოდენობა მთელ მსოფლიოში 30 მილიონზე მეტი გამოდის. ციფრული სკოლა თითოეული ქვეყნის მოთხოვნებსა და ეროვნულ საგანმანათლებლო პროგრამას ითვალისწინებს, მათ შორის პედაგოგებისა და ფასილიტატორების სახელმძღვანელო პრინციპებსაც. სწორედ ამის მიხედვით იტვირთება საგანმანათლებლო მასალა, ხოლო სწავლის პროცესის ტემპი ინდივიდუალურია.

დოქტორი ლესლი სნოუბოლი, ციფრული სკოლის განათლების დირექტორი:

„ეს სკოლა მათ აძლევს საბაზისო ცოდნასა და  ასწავლის უნარებს, რომლებიც ითვალისწინებს როგორც მეყსეულ, ისე გრძელვადიან მოთხოვნებს. ეს ხელს უწყობს მათ, დარჩნენ საგანმანათლებლო სისტემაში. ჩვენი სტუდენტები შეძენილი ციფრული უნარების წყალობით თავს ფართო საზოგადოების წევრად იგრძნობენ და მიხვდებიან, რომ მსოფლიოს საზოგადოების დიდი ნაწილი მათზე ზრუნავს.“

2 წლის წინ დაწყებული საპილოტე ფაზა არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და იორდანიის ლტოლვილთა ბანაკსაც შეეხო, რომელიც სირიელი ლტოლვილებისთვისაა განკუთვნილი. აქ პროექტში თავიდან 60 მოწაფე ჩაერთო, დღეს კი მათი რიცხვი 750-მდე გაიზარდა.

ფატიმა ალ გაბავი, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და იორდანიის ლტოლვილთა ბანაკის (Mrajeeb Al Fhood -ის) ციფრული სწავლების ფასილიტატორი:

„ამ პროექტმა კეთილგონიერებისა და ინიციატივის სურვილი გამიღვივა.  ჩვენი ბედნიერება მუდმივ განვითრებასა და ყველა ისეთი სიახლის ძიებაშია,  რომელიც სასარგებლოა იმ საგანმანათლებლო მასალებისთვის, რომლებსაც მე ჩემს სასწავლო პროგრამაში ვიყენებდი. რაც შეეხება მოწაფეებს, ეს ეხმარება მათ, გაიღრმაონ ცოდნა და ერთი საფეხურიდან მეორეზე ავიდნენ. ციფრული სკოლა იძლევა სერტიფიკატებსაც, რომლებსაც მთელ მსოფლიოში აღიარებენ, რისი წყალობითაც მოწაფეებს საშუალება აქვთ, სწავლა უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში გააგრძელონ.“

განათლებისა და განვითარების შესაძლებლობას ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ამიტომ ციფრული სკოლა თავისი გლობალური განვითარების მასშტაბით ამ ბავშვებსა და მათ  თემს მომავალში წინსვლის იმედს უნერგავს.

ავტორი: ლორა ბაკველი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend