მთავარისაქართველოსაქართველოში საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება

საქართველოში საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება

„მე ვარ მარიამი, ძალადობაგამოვლილი ქალი, შშმ პირის მშობელი. გზა, რომელიც გავიარე, არ იყო მარტივი“, – ასე იწყებს თავის ამბავს მარიამ დალაქიშვილი.

ქორწინებას ზღაპრული გაგრძელება ყოველთვის რომ არ აქვს, ამას მარიამის ამბავიც მოწმობს. დღეს ფიქრობს, რომ შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და მოვალეობები თავიდანვე საქორწინო ხელშეკრულებით არ განსაზღვრა.

„არ მქონდა საქორწინო ხელშეკრულება დადებული და, ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი დიდი შეცდომაა, რომელიც დავუშვი. არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული და, სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ მივდივართ იქამდე, აუცილებელიც არის განქორწინება წყვილებს შორის. ამით ჩვენ ვიცავთ არა მარტო ჩვენს თავს, არამედ ჩვენს შვილებსაც. პრაქტიკულად, განქორწინება მოხდა მარტივად, ჩვენ გავაწერეთ ხელი, მაგრამ არაფერი ქონებრივი ბენეფიტი არ ჰქონდა ჩემს შვილს, არანაირი მხარდაჭერა მამის მხრიდან და, უფრო მეტიც, ჩვენ დარჩენილები ვართ დღემდე სახელმწიფოს იმედად“, – თქვა ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი „ილაპარაკეს“ დამფუძნებელმა, მარიამ დალაქიშვილმა.

საქართველოში საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების სტატისტიკა ცოტათი, მაგრამ ყოველწლიურად იზრდება. 2020 წელს 96 ხელშეკრულება გაფორმდა, დღეისათვის კი რაოდენობა 121-მდეა გაზრდილი. თუმცა, ხელშეკრულებას ძირითადად ისეთი წყვილები აფორმებენ, სადაც ერთი მეუღლე უცხოელია, მეორე კი – ქართველი.

„საზოგადოებას არ აქვს ადეკვატური ინფორმაცია და ცნობიერება არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით და ასევე ეს განპირობებულია მენტალური მდგომარეობით, რაც ფაქტობრივად ხაზს უსვამს იმას, რომ ამ შემთხვევაში არ არიან მოწადინებულნი დასაქორწინებელი და დაქორწინებული პირები, რომ გააფორმონ სახელშეკრულებო ურთიერთობა. მნიშვნელოვანია ის მაჩვენებელი, რომელიც გვაქვს დღევანდელი მონაცემებით, აქაც ერთ-ერთი მხარე, ერთ-ერთი მეუღლე არის უმეტეს შემთხვევაში უცხოელი, ვინაიდან საქორწინო ხელშეკრულების კულტურა უფრო განვითარებული არის ევროპის ქვეყნებში და, მათ შორის, ამერიკაში, თუმცა დღეს საქართველოში ამის დაბალი მაჩვენებელია“, – აღნიშნა იურისტმა და ადვოკატმა, გიორგი კაკუბავამ.

საქართველოში საქორწინო ხელშეკრულების შედგენისას წყვილები ძირითადად ქონებრივ უფლებებზე ამახვილებენ ყურადღებას. როგორც იურისტები ამბობენ, არ შეიძლება, ხელშეკრულებით რომელიმე მეუღლის უფლება შეილახოს.

„შაბლონი არ არსებობს, იმიტომ, რომ ნებისმიერ, ინდივიდუალურ შემთხვევაში ინდივიდუალურია მოქალაქეთა ნება. საქართველოში კანონის ფარგლებს ვერ გავცდებით, ანუ მხოლოდ ქონებრივ უფლება-მოვალეობებზეა საუბარი. კონკრეტულად იწერება, ვთქვათ, კონკრეტული ქონება, უძრავი იქნება თუ მოძრავი. ვის საკუთრებაში უნდა იყოს ქორწინების პერიოდში ან განქორწინების შემთხვევაში რომელ მეუღლეს დარჩება. მე უცხოეთის ქვეყნების პრაქტიკაც მაქვს და განსაკუთრებით საინტერესოა ისრაელის პრაქტიკა. სხვათა შორის, იქ სექსუალურ ურთიერთობასაც კი ითვალისწინებენ“, – თქვა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნოტარიუსმა, დავით ფუტკარაძემ.

იურისტები მოქალაქეებს ურჩევენ, აუცილებლად გააფორმონ საქორწინო ხელშეკრულება, ვიდრე ოფიციალურად დაარეგისტრირებენ ქორწინებას.

თუმცა, არც შემდეგ არის გვიან. წყვილებს მოლაპარაკება და შეთანხმება ან შეთანხმების განახლება, ერთად ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend